YouVersion Logo
Search Icon

იოან. 13

13
ფერხთბანა
1პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი.
2სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი,
3იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის,
4წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა.
5მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა.
6მივიდა სიმონ-პეტრესთან. ის კი ეუბნება: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“
7მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ.“
8ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს.“ მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“
9ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც.“
10ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“
11რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.
12ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?
13თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.
14ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი.
15რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
16ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი.
17რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
18ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.’
19ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს.“
იესოს წინასწარუწყება გაცემაზე
21ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“
22გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო.
23იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.
24სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო.
25გადაიხარა იგი იესოს მკერდისკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?“
26მიუგებს იესო: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს.
27ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე.“
28მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.
29ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის.
30ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე.
ახალი მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი!“
31როცა გავიდა, ამბობს იესო: „ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.
32რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას.
33შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა.
34ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
35ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“
36ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები.“
37ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის.“
38მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.

Currently Selected:

იოან. 13: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in