YouVersion Logo
Search Icon

Revelation 3

3
1და სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც აქვს ღმერთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ სახელი გაქვს, რომ ცოცხალი ხარ, და მკვდარი კი ხარ. 2ფხიზლად იყავი და განამტკიცე დანარჩენი, სიკვდილის პირას მისული, რადგან ვერ ვპოვე შენი საქმეების სრულყოფილება ჩემი ღმერთის წინაშე. 3გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოვალ შენზე. #მთ 24:43,44; ლკ 12:39,40; გცხ 16:15. 4თუმცა გყავს ცოტანი სარდეში, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან სპეტაკი სამოსით, რადგან ღირსნი არიან. 5გამარჯვებული შეიმოსავს სპეტაკ სამოსს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე. #გამ 32:32,33; ფს 69:28; გცხ 20:12; მთ 10:32; ლკ 12:8. 6ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’
7და ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის გასაღები, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: #ესა 22:22; იობ 12:14. 8ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს. მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი. 9აჰა, იხილე, რას ვუზამ სატანის საკრებულოდან მათ, ვინც თავს იუდეველებს უწოდებენ, არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ვაიძულებ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენ შენს ფეხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შენ შეგიყვარე. #ესა 49:23; 60:14; ესა 43:4. 10რაკი შენ დაიცავი ჩემი მოთმინების სიტყვა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოაწევს მთელ ქვეყნიერებაზე, დედამიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. 11აჰა, მოვალ მალე. გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. 12გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღმერთის ტაძარში და გარეთ აღარ გავა. და დავაწერ მასზე ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. #გცხ 21:2; ესა 62:2; 65:15. 13ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’
14და ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღმერთის ქმნილებისა: #იგვ 8:22. 15ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ნეტავ ცივი იყო ან ცხელი! 16მაგრამ რაკი ნელთბილი ხარ და არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. 17რადგან შენ ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლია. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. 18გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლში განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და მალამო, რათა წაიცხო თვალებზე და ხედავდე. 19ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და მოინანიე! #იგვ 3:12; ებრ 12:6. 20აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. და მექნება სერობა მასთან და მას ჩემთან. 21გამარჯვებულს დავსვამ ჩემს გვერდით ჩემს ტახტზე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. 22ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’“

Currently Selected:

Revelation 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in