Revelation 19
19
1ამის შემდეგ გავიგონე ზეცაში დიდი ხმა, როგორც ხმა ბევრი ხალხისა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენს ღმერთს! 2რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განსჯანი, რადგან მან განსაჯა დიდი მეძავი, რომელმაც გახრწნა დედამიწა თავისი მეძაობით, და მან იძია თავის მონების სისხლი მისი ხელიდან.“ #რჯ 32:43; 4მფ 9:7. 3და განმეორებით თქვეს: „ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.“ #ესა 34:10. 4და დაემხნენ 24 უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! ალილუია!“
5და გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს, ყველა მისი მონები, მისი მოშიშები, პატარები და დიდები.“ #ფს 115:13. 6და გავიგონე ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა და როგორც ადიდებულ წყალთა ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი. #ეზკ 1:24; ფს 93:1; 97:1; 99:1. 7გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, რადგან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ გაიმზადა თავი. 8და მიეცა მას, რომ შეიმოსოს ნათელი და წმიდა ბისონი, რადგან წმიდა ბისონი წმიდების სიმართლეა.“ 9და მითხრა მე: „დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი.“ და მითხრა მე: „ეს არის ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვები.“ #მთ 22:2,3. 10და დავემხე მის ფეხებთან, რომ თაყვანი მეცა მისთვის. და მეუბნება: „ამას ნუ იზამ. მე თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა. თაყვანი ეცი ღმერთს, რადგან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია.“
11და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელსაც ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რომელიც სიმართლით განსჯის და იბრძვის. #ეზკ 1:1; ფს 96:13; ესა 11:4. 12და მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი დიადემა ადგას და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის. #დან 10:6. 13მოსავს სისხლით შეღებილი სამოსი და სახელად წოდებული აქვს: „ღმერთის სიტყვა.“ 14და ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. 15მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. ის წურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის მძვინვარე რისხვის ღვინის საწნახელს. #ფს 2:9; ესა 63:3; იოლ 3:13; გცხ 14:20. 16და მის სამოსზე და მის თეძოზე დაწერილია სახელი: „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.“ 17და ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. და დაიყვირა დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომელიც კი დაფრინავდა ზეცაში: „მოდით, შემოკრბით ღმერთის დიდ სერობაზე, #ეზკ 39:17-20. 18რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, დიდისა და პატარის ხორცი.“ 19ვიხილე მხეცი და დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარი შეკრებილი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. 20და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი; და ორივე ცოცხლად იქნა ჩაგდებული ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა. #გცხ 13:1-18. 21დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
Currently Selected:
Revelation 19: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა