Genesis 48
48
1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: „აჰა, ავად არის მამაშენი.“ და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მანაშე და ეფრემი. 2და აუწყეს იაკობს: „აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.“ და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე. 3და უთხრა იაკობმა იოსებს: „ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა.#დაბ 28:13,14. 4და მითხრა: ‘ნაყოფიერად გაქცევ და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ სამარადისო სამფლობელოდ.’ 5და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მანაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმეონი არიან ჩემები. 6და ნაშიერნი, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან. თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან ისინი მათ სამკვიდროში. 7მე ფადან-არამიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, მცირე მანძილზე ეფრათამდე, და იქ დავმარხე იგი, ეფრათის გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.“#დაბ 35:16-19.
8და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: „ესენი ვინ არიან?“ 9და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.“ და უთხრა მან: „მომიყვანე და ვაკურთხებ მათ!“ 10ისრაელს თვალები დამძიმებოდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა. და აკოცა მათ და გულში ჩაიკრა. 11და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აღარ მეგონა, შენს სახეს თუ კიდევ ვიხილავდი, და, აჰა, ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.“ 12და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მდაბლად. 13და მოიყვანა ორივენი იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მანაშე – ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან. 14და გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა, და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, და მარცხენა ხელი – მანაშეს. განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა პირმშო მანაშე იყო. 15და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღემდე, 16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისააკის სახელით, და დიდად გამრავლდნენ ისინი ქვეყნის გულში.“
17და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მანაშეს თავზე. 18და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, დაადე მას თავზე შენი მარჯვენა.“ 19მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.“ 20და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მანაშე!’“ და დააყენა ეფრემი მანაშეზე წინ.#ებრ 11:21. 21და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები, ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი მამა-პაპის მიწაზე. 22შენს ძმებში უპირატესად შენთვის მომიცია ერთი ქედი#48:22 ქედი (ებრ.) შექემ შესაძლოა ითრგმნოს: ‘ქედი’; ‘მხარი’; ‘შექემი’ (ქალაქი), რაც ამ მუხლის აზრს ბუნდოვანს ხდის. რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.“
Currently Selected:
Genesis 48: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა