Genesis 49
49
1და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: „შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. 2შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს! 3რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა, დიდებული და შეუდრეკელი! 4დაუოკებელი ხარ წყალივით, მაგრამ ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი! 5სიმეონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის საწურველია მათი მახვილი. 6მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ბოროტი ჟინით გამოძარღვეს ხარი! 7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობის მიწებზე, და გავაბნევ ისრაელში! 8იუდა! განგადიდებენ შენი ძმები. შენ შემუსრავ მტერს, და გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი. 9ლომის ბოკვერი ხარ იუდავ! ნანადირევით კმაყოფილი აღმართულხარ, შვილო ჩემო. მიწოლილა, როგორც ლომი, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?!#რცხ 24:9; გცხ 5:5. 10არ წაერთმევა კვერთხი იუდას და არც არგანი მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი, და დაემორჩილებიან მას ხალხები!#49:10 ვიდრე... მფლობელი: ძვ. აღთქმის ერთ-ერთი ურთულესი ადგილი; ებრ. ტექსტის თარგმნის შესაძლო ვერსიათაგანი. 11ვაზზე უბია მას თავისი ჭაკი ვირი, ვენახის ლერწზე – თავისი ჩოჩრები. ღვინოში გაირეცხავს ის თავის ტანსაცმელს და ყურძნის სისხლში – სამოსელს.#49:11 მუხლი ასახავს იუდეის მიწების ნაყოფიერებას: ვაზზე პირუტყვს აბამენ, სარეცხს კი წყლის ნაცვლად ღვინოში რეცხავენ 12თვალები მისი ღვინოზე მუქია და კბილები მისი რძის უთეთრესი! 13ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი! 14ისაქარი ძვალმსხვილი ვირია, ბაკებში მწოლარე. 15და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები სატვირთად და გახდა ხარკის მუშა! 16და დანი განსჯიდეს თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა. 17და გველივით გაწვება დანი გზაზე და ასპიტივით ბილიკზე, დაგესლავს ცხენის ფლოქვებს. და გადაყირავდება მისი მხედარი! 18შენგან მოველი ხსნას, უფალო! 19გადს მოაწყდებიან ურდოები, მაგრამ ის თავად მისწვდება მათ ფეხდაფეხ. 20აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს. 21ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი კეთილთა ნაყოფთა.#49:21 ან მომცემი მოხდენილ სიტყვათა. 22ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზია წყაროს თავზე, გალავანზეა გაშლილი მისი რქები! 23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მას მოისარნი. 24შერჩა ძალა მშვილდისა, არ მოუდუნდა მკლავთა ძარღვები, იაკობის ღმერთისგან ძალამიცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელისა! 25მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით, 26მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა. და იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. 27ბენიამინი მტაცებელი მგელია: ცისკრად ნანადირევს შეექცევა და საღამოთი ნადავლს ანაწილებს.“ 28ყველა ესენი ისრაელის 12 ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა, თითოეული თავისი კურთხევით.
29და უანდერძა მათ: „მე ვუერთდები ჩემს ხალხს, დამმარხეთ ჩემს მამა-პაპასთან, მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის, 30მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს ახლოს, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.#დაბ 23:3-20. 31იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისააკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა.#დაბ 25:9, 10; დაბ 35:29. 32ის მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.“ 33და დაასრულა იაკობმა ანდერძი შვილების მიმართ და აკრიბა ფეხები სარეცელზე, და აღესრულა, და შეერთო თავის მამებს.#საქ 7:15.
Currently Selected:
Genesis 49: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა