YouVersion Logo
Search Icon

Genesis 47

47
1და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: „მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან თავიანთი ცხვარ-ძროხით და მთელი თავიანთი მონაგებით. და უკვე გოშენის მიწაზე არიან.“ 2და მან თავის ძმათაგან ხუთი კაცი წაიყვანა და წარუდგინა ფარაონს. 3და უთხრა ფარაონმა მის ძმებს: „რა საქმიანობას ეწევით?“ და უთხრეს ფარაონს: „მეცხვარეები ვართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა იყო.“ 4და კიდევ უთხრეს: „ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან არაა საძოვარი შენი მსახურთა ცხვრისათვის ქანაანში შიმშილობის გამო. და ახლა გთხოვთ მოგვცე ნება შენს მსახურთ, დავსახლდეთ გოშენის მიწაზე.“ 5და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან. 6ეგვიპტის ქვეყანა შენს წინაშეა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ გეგულება მათ შორის უნარიანი კაცები, სარქლებად დაუდგინე ჩემს საქონელს.“
7და მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარუდგინა ფარაონს, და აკურთხა იაკობმა ფარაონი. 8უთხრა ფარაონმა იაკობს: „რამდენი წლისა ხარ?“ 9უთხრა იაკობმა ფარაონს: „130 წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მოკლე და მძიმე იყო ჩემი სიცოცხლის წლები, და ვერ მიაღწიეს მათ ჩემი მამა-პაპის სიცოცხლის წლებს, ხიზნობაში რომ გაატარეს.“ 10და აკურთხა იაკობმა ფარაონი, და გამოვიდა მისაგან. 11და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და თავისი ძმები, და მისცა მათ საკუთრება ეგვიპტის ქვეყანაში, საუკეთესო ადგილას, რამზესის მიწაზე, როგორც ბრძანა ფარაონმა. 12და ამარაგებდა იოსები თავის მამასა და ძმებს, და მთელ მათ სახლს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13და პური აღარ იყო მთელ ქვეყანაზე, ისე იმძლავრა შიმშილმა. და დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან. 14შეკრიბა იოსებმა მთელი ვერცხლი, რომელიც შემოდიოდა ეგვიპტესა და ქანაანის მიწაზე ხორბლის გაყიდვით, და შეიტანა ეს ვერცხლი ფარაონის სახლში. 15და გამოილია ვერცხლი ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან, და უთხრეს: „მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ ვერცხლის უქონლობის გამო?“ 16და უთხრა მათ იოსებმა: „წამოასხით თქვენი საქონელი და მე მოგცემთ თქვენი საქონლის საზღაურად, თუ გამოგელიათ ვერცხლი.“ 17და მოურეკეს მათ თავიანთი საქონელი იოსებს. და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრების, ძროხების და ვირების საფასურად. იმ წელიწადს პურით ამარაგებდა მათ მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ. 18და დასრულდა ის წელი. და მივიდნენ მასთან მეორე წელს, და უთხრეს მას: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ვერცხლი გამოგველია და ჩვენი პირუტყვიც უკვე ჩვენს ბატონთანაა. არაფერი არ შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა. 19რატომ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ბარემ მიწიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს, მისი გახდება ჩვენი მიწაც. და მოგვეცი თესლი, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ, და მიწა არ გაუკაცრიელდეს.“
20და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი მიწები, როცა შიმშილმა იმძლავრა მათზე. და გახდა მიწა ფარაონისა. 21და მონებად აქცია მან ხალხი ეგვიპტის კიდიდან კიდემდე. 22მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია იოსებს, რადგან დაწესებული იყო ქურუმთათვის ნაკვეთები ფარაონისაგან, და თავს ირჩენდნენ იმ ნაკვეთებით, ფარაონმა რომ მისცათ. ამიტომ არ გაყიდეს მათ თავიანთი მიწები. 23და უთხრა იოსებმა ხალხს: „აჰა, გიყიდეთ დღეს ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ მიწა. 24და როცა მოსავალს აიღებთ, მეხუთედი ფარაონს მიეცით და ოთხი წილი ყანების სათესად და საზრდოდ დაიტოვეთ თქვენთვის და მათთვის, ვინც სახლებში გყავთ, და თქვენი წვრილშვილისთვის.“ 25და თქვეს: „შენ იხსენი ჩვენი სიცოცხლე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.“ 26და დაადგინა იოსებმა კანონად ეგვიპტის მიწაზე დღემდე: მოსავლის მეხუთედი ფარაონს. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ იყო ფარაონისა.
27და დასახლდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის მხარეში. და დაეუფლნენ მას, და მოშენდნენ და ძალზე მომრავლდნენ. 28და იცოცხლა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში 17 წელი, და იყო მისი სიცოცხლის დღენი 147 წელი.
29და მოახლოვდა ჟამი ისრაელის სიკვდილისა, და უხმო თავის ძეს, იოსებს და უთხრა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამომიდევი შენი ხელი საზარდულქვეშ#47:29 იხ. შენიშვნა მუხლისათვის დაბ. 24:2 და მიყავი წყალობა და ერთგულება: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში, 30რათა განვისვენო ჩემს მამებთან, წამასვენე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში.“ და უპასუხა იოსებმა: „გავაკეთებ შენი სიტყვისამებრ!“#დაბ 49:29-32; 50:6. 31და უთხრა: „შემომფიცე!“ და შეჰფიცა მან. და თაყვანი სცა ისრაელმა საწოლის თავზე.

Currently Selected:

Genesis 47: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in