YouVersion Logo
Search Icon

Genesis 43

43
1შიმშილობა გაძლიერდა ქვეყანაზე. 2და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: „გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.“ 3და უთხრა მას იუდამ: „მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო. 4თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს. 5თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.“ 6თქვა ისრაელმა: „მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?“ 7უთხრეს: „ჩაძიებით გვეკითხებოდა ის კაცი ჩვენზე და ჩვენს მოდგმაზე: ჯერ კიდევ ცოცხალია მამათქვენიო, კიდევ გყავთო ძმა? ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?“ 8და უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: „გამატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, – არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი! 9მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე! 10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით უკან დაბრუნებული.“
11და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალზამი და თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში. 12და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში ნაპოვნი ვერცხლიც დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო. 13და თქვენი ძმაც წაიყვანეთ. ადექით და წადით იმ კაცთან. 14და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი მამა, ისე შვილმკვდრად დავრჩები.“ 15და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე.
16და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: „მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამოს პური ამ ხალხმა შუადღისას.“ 17და გააკეთა იმ კაცმა ისე, როგორც იოსებმა უბრძანა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში. 18და შეეშინდათ ძმებს იოსების სახლში რომ მიიყვანეს, თქვეს: „ვერცხლის გამო ვართ მოყვანილი, მაშინ რომ ტომრებში ჩაგვიდეს. და ცილს დაგვწამებენ და თავს დაგვესხმიან, რომ მონებად გაგვიხადონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.“ 19და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას სახლის შესასვლელთან. 20და უთხრეს მას: „მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად, 21და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით. 22და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!“ 23და უთხრა მან: „მშვიდად იყავით, ნუ გეშინიათ! თქვენმა ღმერთმა, თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. რადგან მაშინ თქვენი ვერცხლი უკანვე დამიბრუნდა.“ და გამოიყვანა მათთან სიმეონი. 24და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს. 25და მოამზადეს ძღვენი შუადღისას იოსების მოსვლისათვის, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26და მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი, ხელთ რომ ჰქონდათ, და თაყვანი სცეს მდაბლად. 27და მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: „ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?“ 28მათ უთხრეს: „მშვიდობით არის მამაჩვენი, შენი მსახური, ჯერაც ცოცხალია. და ქედი მოიხარეს ძმებმა და თაყვანი სცეს.“ 29და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის ძე. და იკითხა: „ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?“ და თქვა: „ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!“ 30და ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, და ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა. 31დაიბანა პირი, გამოვიდა, და გაიმაგრა თავი. და ბრძანა: „მოგვიტანეთ საჭმელი.“ 32და მოართვეს მას ცალკე და იმათ – ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის. 33და დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები. 34და უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს. და ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. და სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.

Currently Selected:

Genesis 43: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in