YouVersion Logo
Search Icon

Revelation 11

11
1და მომეცა მე კვერთხის მსგავსი ლერწამი და მითხრეს: „ადექი და გაზომე ღმერთის ტაძარი და სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები მასში. #ეზკ 40:3; ზაქ 2:1,2. 2ხოლო ტაძრის გარე ეზო გარეთ დატოვე და არ გაზომო, რადგან წარმართებს მიეცა იგი: ისინი 42 თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს. #ლკ 21:24. 3მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ 1260 დღეს ძაძებით მოსილნი.“
4ესენია ზეთისხილის ორი ხე და ორი სასანთლე, დედამიწის უფლის წინაშე მდგომნი. #ზაქ 4:3,11-14. 5და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ამგვარადვე უნდა იქნეს მოკლული. 6მათ აქვთ ხელმწიფება ცის დახშვისა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ. #3მფ 17:1; გამ 7:17-19; 1მფ 4:8.
7და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ. #დან 7:7,21; გცხ 13:5-7; 17:8. 8და მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩებში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალი. #ესა 1:9,10. 9და უყურებენ მათ გვამებს ხალხთა და ტომთაგან, ენათა და ერთაგან სამნახევარ დღეს და არ დაანებებენ მათი გვამების სამარხში ჩასვენებას. 10დედამიწის მკვიდრნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა დედამიწის მკვიდრებს.
11სამნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღმერთისაგან და ფეხზე დადგნენ. და დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა. #ეზკ 37:10. 12და გაიგონეს დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ!“ და ავიდნენ ღრუბლით ცაში და მათმა მტრებმა იხილეს ისინი. #4მფ 2:11. 13და იმავე ჟამს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა და დაიღუპა მიწისძვრისაგან 7 ათასი კაცი, დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ცათა ღმერთს. #გცხ 6:12; 16:18.
14მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მესამე ვაება მოდის მალე.
15და მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა და იქმნა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „მიეცა ქვეყნიერების სამეფო ჩვენს უფალსა და მის ქრისტეს, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.“ #გამ 15:18; დან 2:44; 7:14,27. 16თავიანთ ტახტებზე მჯდომი 24 უხუცესი პირქვე დაემხო და თაყვანი სცეს ღმერთს. 17და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, და რომელიც იყავი, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი. 18და გამძვინვარდნენ ერები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა განისაჯონ მკვდრები და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს, და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – პატარებს და დიდებს, და შეიმუსრონ დედამიწის შემმუსვრელნი.“#ფს 2:5; 109:5; 113:21.
19და გაიღო ღმერთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა. #გცხ 8:5; 16:18,21.

Currently Selected:

Revelation 11: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in