YouVersion Logo
Search Icon

Mark 7

7
1შეიკრიბნენ მასთან ფარისეველნი და ზოგიერთი მწიგნობარი, რომლებიც იერუსალიმიდან მოვიდნენ, 2და როცა დაინახეს, რომ ზოგიერთი მის მოწაფეთაგან უსუფთაო, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს, – 3ხოლო ფარისეველნი და ებრაელნი ისე არ ჭამენ საჭმელს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი და ასე იცავენ უხუცესთა გადმოცემას; 4სავაჭროდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ, და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, ბრინჯაოს ქვაბების გავლება წყალში, – 5ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემისამებრ და დაუბანელი ხელით ჭამენ პურს?“ 6ხოლო მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცების შესახებ, როგორც წერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. #ესა 29:13. 7ფუჭად მცემენ თაყვანს, ასწავლიან რა ადამიანურ მცნებათა მოძღვრებას.’ 8ღმერთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ ადამიანთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.“ 9და უთხრა მათ: „განა კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ! 10მოსემ თქვა: ‘პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’#გამ 20:12; 21:17; რჯ 5:16; ლევ 20:9. 11თქვენ კი ამბობთ: თუ ადამიანი ეტყვის მამას ან დედას: კორბან (რაც ნიშნავს: შესაწირავია ის, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა) – 12მას თქვენ ნებას რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისათვის ან დედისათვის. 13აუქმებთ ღმერთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.“ 14მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა მათ: „მისმინეთ ყველამ და გაიგეთ: 15არაფერია ადამიანის გარეთ, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. 16თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“ 17როდესაც ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას ამ იგავზე. 18და ეუბნება მათ: „მაშ თქვენც უმეცარნი ხართ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა? 19რადგან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გარეთ გამოდის. ასე განიწმიდება ყოველგვარი საკვები. 20და განაგრძო: კაცისაგან გამომავალი კი ბილწავს კაცს, 21რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, 22მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. 23ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“
24ადგა და იქიდან ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. სახლში შესულს არ უნდოდა, რომ ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. 25მყისვე გაიგო მის შესახებ ერთმა ქალმა, რომლის ასული უწმიდური სულით იგვემებოდა, და მივიდა და დაემხო მის ფეხთით. 26ეს ქალი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან. 27მან უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებისთვის პურის წართმევა და ძაღლებისთვის გადაყრა.“ 28მან კი მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს.“ 29უთხრა მას: „მაგ სიტყვისათვის, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან.“ 30წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო.
31და როდესაც კვლავ გაბრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის, 32მიუყვანეს მას ყრუ-მუნჯი და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. 33გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას, 34ახედა ცას, ამოისუნთქა და ეუბნება მას: „ეფფათა,“ რაც ნიშნავს: „განიხსენ.“ 35და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა. 36და უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. 37უკვირდათ მეტისმეტად და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას უბოძებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“

Currently Selected:

Mark 7: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in