Mark 6
6
1და გავიდა იქიდან და მივიდა თავის მშობლიურ მხარეში. და გაჰყვნენ მისი მოწაფეებიც. 2შაბათი რომ დადგა, დაიწყო სწავლება სინაგოგაში. და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: „საიდანა აქვს მას ეს ყველაფერი? რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით? 3განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? განა აქვე ჩვენთან არ არიან მისი დები?“ და დაეჭვდნენ მასში. 4და უთხრა მათ იესომ: „არსად არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა, ნათესავებისა და საკუთარი სახლისა.“ #იო 4:44. 5და ვერ შეძლო მოეხდინა იქ რაიმე სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს დაადო ხელები და განკურნა. 6და უკვირდა მათი ურწმუნოება, და დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.
7და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი დაგზავნა წყვილად და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე. 8და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა, არც პური, არც გუდა, არც ბრინჯაო სარტყლით. #ლკ 10:4-11. 9ჩაეცვათ სანდლები და არ შემოსილიყვნენ ორი პერანგით. 10და უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. 11და თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფეხთაგან, როგორც მოწმობა მათ წინააღმდეგ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.“#საქ 13:51. 12და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება. 13და განდევნეს მრავალი ეშმაკი და სცხებდნენ ზეთს მრავალ სნეულს და კურნავდნენ. #იაკ 5:14.
14და შეიტყო ეს მეფე ჰეროდემ, რადგან ცნობილი გახდა იესოს სახელი და თქვა: „იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენ ძალები მასში.“ #მთ 16:14; მრკ 8:28; ლკ 9:19. 15სხვები ამბობდნენ: „ეს ელია არის.“ ზოგი კი ამბობდა: „წინასწარმეტყველია, პირველ წინასწარმეტყველთაგანი.“ 16შეიტყო ეს ჰეროდემ და თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით.“ 17რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა. #ლკ 3:19,20. 18რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ შეგფერის, რომ შენი ძმისცოლი გყავდეს ცოლად.“ 19ჰეროდია კი მტრად იყო მასზე მოკიდებული და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო. 20რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. მისი მოსმენა დიდად აფიქრებდა და სიამოვნებით უგდებდა ყურს. 21და დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულებს. 22შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ.“ 23და ფიცით აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვე, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი.“ 24გამოვიდა და ჰკითხა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ მან კი უთხრა: „იოანე ნათლისმცემლის თავი.“ 25და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი.“ 26შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისი გაწბილება. 27მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. 28და წავიდა იგი და მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა თავის დედას მისცა. 29შეიტყვეს ეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს.
30შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. 31ეუბნება მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.“ რადგან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. 32და წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას მარტონი. 33და დაინახეს, რომ მიდიოდნენ და ბევრმა იცნო ისინი. და გაედევნენ ფეხით ყოველი ქალაქიდან და მიასწრეს მათ. 34და როდესაც გადმოვიდნენ, უამრავი ხალხი დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ ბევრის სწავლება.#რცხ 27:17; 3მფ 22:17; 2ნშ 18:16; ეზკ 34:5; მთ 9:36. 35უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიან არის. 36გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა-სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო.“ 37მან კი მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი.“ და ეუბნებიან მას: „წავიდეთ, 200 დინარის პური ვიყიდოთ და მივცეთ ამათ საჭმელად?“ 38ეუბნება მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და ეუბნებიან: „ხუთი და ორიც თევზი.“ 39მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე. 40და დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად. 41და აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ცას, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას. 42და ჭამა ყველამ და გაძღა. 43და აკრიფეს დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან 12 სავსე გოდორი. 44და იყო პურისმჭამელი 5 ათასამდე მამაკაცი.
45მყისვე უბრძანა თავის მოწაფეებს, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. 46რომ გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად. 47როდესაც მოსაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. 48და როცა დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო, ღამის მეოთხე სადარაჯოზე წავიდა მათკენ ზღვაზე სიარულით და უნდოდა გვერდი აევლო მათთვის. 49ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს. 50ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 51და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და კიდევ უფრო გაუკვირდათ. 52რადგან ჯერ პურების ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, არამედ გული გაქვავებოდათ.
53და გავიდნენ გაღმა ხმელეთზე გენესარეთისკენ, და ჩაუშვეს ღუზა. 54როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. 55შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო. 56და სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. და ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა.
Currently Selected:
Mark 6: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013