Mark 5
5
1და გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. 2ნავიდან რომ გადმოვიდა, შემოხვდა კაცი სამარხებიდან, უწმიდური სულით შეპყრობილი. 3მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. 4რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. 5დღისით და ღამით მუდამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. 6და როდესაც დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. 7ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესი ღმერთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“ 8რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, უწმიდურო სულო!“ 9და ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ და უპასუხა მას: „ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.“ 10და ბევრს ევედრებოდნენ, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი. 11იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. 12და შეევედრნენ მას და უთხრეს: „გაგვზავნე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“ 13და დართო მათ ნება და გამოსული უწმიდური სულები შევიდნენ ღორებში. და გადაეშვა კოლტი კბოდედან ზღვაში, 2 ათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში. 14ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს, და გამოვიდა ხალხი, რომ ენახათ, რა მოხდა. 15მივიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის, შემოსილი და გონსმოსული, და შეშინდნენ. 16და უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. 17და შეევედრნენ, გასცლოდა მათ საზღვრებს. 18ნავში ასვლისას, შეევედრა მას ყოფილი ეშმაკეული, შენთან დავრჩებიო. 19მაგრამ არ დართო ნება, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში შენიანებთან და უამბე მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“ 20წავიდა და გამოაცხადა ათქალაქში, რაც გაუკეთა მას იესომ, და ყველას უკვირდა.
21და როდესაც იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას. 22მოვიდა სინაგოგის ერთ-ერთი მთავარი, სახელად იაიროსი და, როდესაც დაინახა იგი, მის ფეხთით დაეცა. 23მხურვალედ ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაადე ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს.“ 24და წაჰყვა მას. და აედევნა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდნენ. 25და იყო იქ ქალი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში სისხლის დენა ჰქონდა, 26და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, არამედ უარეს დღეში იყო ჩავარდნილი, 27მას გაეგო, რასაც ამბობდნენ იესოზე, და ხალხში უკანიდან მოუარა მას და შეეხო მის სამოსს. 28რადგან ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“ 29და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და იგრძნო სხეულში, რომ განიკურნა სენისაგან. 30მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსს?“ 31უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“ 32და მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. 33ქალი კი, შეშინებული და აკანკალებული, რადგან იცოდა, რაც დაემართა, მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე. 34მან კი უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი მშვიდობით და განკურნებული იყავი შენი სენისაგან.“ 35ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავრისაგან და თქვეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“ 36იესომ კი არ მიაქცია ყურადღება ნათქვამს და ეუბნება სინაგოგის მთავარს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“ 37და არავინ გაიყოლა თან, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი – იაკობის ძმისა. 38და მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში და ხედავს, მღელვარებაა, ტირიან და მოთქვამენ. 39და შევიდა და ეუბნება მათ: „რატომ ღელავთ და ტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ.“ 40ისინი კი დასცინოდნენ მას. მან გაუშვა ყველა გარეთ, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. 41მოკიდა ბავშვს ხელზე ხელი და ეუბნება მას: „ტალითა კუმი!“ რაც თარგმანით ნიშნავს: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“ 42და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. 12 წლისა იყო. და დიდად გაუკვირდათ. 43და მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. და უთხრა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
Currently Selected:
Mark 5: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013