Mark 4
4
1და კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. და მოიყარა თავი მასთან დიდძალმა ხალხმა, ისე რომ ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე. #ლკ 5:1-3. 2ბევრს ასწავლიდა იგი იგავებით და მოძღვრავდა მათ და ეუბნებოდა: 3„ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დაეცა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს. 5ზოგი კლდოვანზე დაეცა, სადაც ბევრი მიწა არ იყო და მალე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე აკლდა. 6ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთეს იგი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო. 8ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა: ზოგმა – ოცდაათად, ზოგმა – სამოცად და ზოგმა – ასად.“ 9და თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“
10და როდესაც მარტო დარჩა, შეეკითხნენ მას იგავის შესახებ მის გარშემო მყოფნი თორმეტთან ერთად. 11და უთხრა მათ: „თქვენ მოგეცათ ცოდნა ღმერთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. 12რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“ #ესა 6:9,10.
13და ეუბნება მათ: „არ გესმით ეს იგავი? მაშ როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს? 14მთესველი სიტყვას თესავს. 15გზის პირას მყოფნი არიან ისინი, ვისთანაც ითესება სიტყვა, მაგრამ როგორც კი მოისმენენ, მყისვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას. 16ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც, როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით იღებენ მას, 17მაგრამ ფესვი არა აქვთ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნილება სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან. 18სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ, 19მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი მოდიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება. 20კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას ისმენენ და იღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი – ოცდაათად, სამოცად და ასად.“
21და უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დაიდგას? #მთ 5:15; ლკ 11:33. 22არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. #მთ 10:26; ლკ 12:2. 23თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ 24და უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.“ #მთ 7:2; ლკ 6:38. 25რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. #მთ 13:12; 25:29; ლკ 19:26.
26და თქვა: „ღმერთის სასუფეველი მსგავსია კაცისა, რომელიც თესლს აგდებს მიწაში, 27სძინავს ღამით და დგება დღისით. თესლი კი აღმოცენდება და იზრდება და მან არც კი იცის, როგორ. 28რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. 29ხოლო როდესაც მომწიფდება ნაყოფი, მყისვე შეიტანს ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.“ #იოლ 3:13.
30და თქვა: „რას ვამსგავსოთ ღმერთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გადმოვცეთ? 31იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის, 32მაგრამ როდესაც დაითესება, ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“
33და მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ. 34და იგავის გარეშე არ ელაპარაკებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
35უთხრა მათ იმავე დღეს, როდესაც მოსაღამოვდა: „გადავცუროთ გაღმა.“ 36გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. 37და ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე იძირებოდა. 38ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და ეუბნებიან მას: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“ 39წამოდგა და შერისხა ქარს და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ და დაცხრა ქარი და დიდი მყუდროება ჩამოდგა. 40და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“ 41შეეშინდათ მათ დიდი შიშით და ერთმანეთს უთხრეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ ემორჩილება?“
Currently Selected:
Mark 4: სბს
Highlight
Share
Copy
![None](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimageproxy.youversionapi.com%2F58%2Fhttps%3A%2F%2Fweb-assets.youversion.com%2Fapp-icons%2Fen.png&w=128&q=75)
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013