YouVersion Logo
Search Icon

Mark 15

15
1და მაშინვე, დილით ადრე, მოითათბირეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად და შეკრეს იესო, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს. 2და ჰკითხა მას პილატემ: „შენ ხარ ებრაელთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“ 3და ბევრ რამეს აბრალებდნენ მას მღვდელმთავრები. 4პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“ 5ხოლო იესო აღარაფერზე პასუხობდა, და გააოცა ამით პილატე.
6ხოლო დღესასწაულებზე იგი უთავისუფლებდა მათ ერთ პატიმარს, ვისაც სთხოვდნენ. 7და იყო ვინმე, ბარაბად წოდებული, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. 8ავიდა ხალხი და დაუწყო თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. 9პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ ებრაელთა მეფე?“ 10რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. 11მღვდელმთავრებმა კი შეაგულიანეს ბრბო, რომ ბარაბას გათავისუფლება ეთხოვათ. 12პილატემ კვლავ მიმართა და უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ ვუყო მას, ვისაც თქვენ ებრაელთა მეფეს უწოდებთ?“ 13მათ კი კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“ 14პილატემ უთხრა მათ: „მაგრამ რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტი დაჟინებით აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“ 15პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის მომადლიერება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გამათრახების შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.
16ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი ეზოს შიგნით, პრეტორიუმში, და შეკრიბეს მთელი რაზმი, 17შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი. 18და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, ებრაელთა მეფევ!“ 19და ურტყამდნენ თავში ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს. 20და როდესაც შეურაცხყვეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
21და აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფეს მამა, რომელიც ყანიდან მოდიოდა, წამოეღო მისი ჯვარი. #რომ 16:13. 22და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა (თარგმანით ეს არის თხემის ადგილი). 23და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. 24და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით, ვის რა ერგებოდა. #ფს 21:19. 25იყო მესამე საათი, როდესაც ჯვარს აცვეს იგი. 26და იყო წარწერა მისი ბრალდებისა ამგვარად დაწერილი: „მეფე ებრაელთა.“ 27და მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. 28და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა.“#ესა 53:12. 29გამვლელები გმობდნენ მას, თავს აქნევდნენ და ამბობდნენ: „ეჰა, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, #ფს 21:8; 108:25; მრკ 14:58; იო 2:19. 30იხსენი საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“ 31ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. 32ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.“ და მასთან თანაჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.
33და როდესაც მეექვსე საათი დადგა, ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მეცხრე საათამდე. 34მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?“#ფს 21:2. 35იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს და თქვეს: „აჰა, ელიას უხმობს.“ 36ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: „აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად.“#ფს 68:22. 37იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა. 38და ტაძრის ფარდა ორად გაიპო თავიდან ბოლომდე. #გამ 26:31-33. 39როდესაც მის წინ მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო ეს ადამიანი.“ 40აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უყურებდნენ. მათ შორის იყო მარიამ მაგდალელი, და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე, #ლკ 8:2,3. 41რომლებიც მის გალილეაში ყოფნისას თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს.
42როდესაც მოსაღამოვდა, რაკი პარასკევი იყო, რომელიც შაბათის წინადღეა, 43მოვიდა იოსებ არიმათიელი, პატივდებული მრჩეველი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სასუფეველს, გაბედა და შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი. 44პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მკვდარი იყო და დაუძახა ასისთავს და ჰკითხა, მოკვდა თუ არა უკვე. 45და რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს ცხედარი. 46და იყიდა მან ტილო, გარდამოხსნა იგი, შეგრაგნა ტილოთი და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხს კარზე. 47მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამ, დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.

Currently Selected:

Mark 15: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in