YouVersion Logo
Search Icon

Mark 12

12
1და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო. მიწის მუშაკთ ჩააბარა და წავიდა. #ესა 5:1,2. 2ჟამმა რომ მოაწია, გაგზავნა მიწის მუშაკებთან მონა, რათა მიეღო მათგან ვენახის ნაყოფი. 3მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4და კვლავ სხვა მონა გაუგზავნა მათ. თავში ურტყეს მას და შეურაცხყვეს. 5სხვა გაგზავნა და მოკლეს იგი. და კიდევ ბევრი სხვა, რომელთაგან ზოგს სცემეს და ზოგიც მოკლეს. 6ჰყავდა ერთადერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან, თქვა, ჩემი ძის მოერიდებათო. 7ამ მიწის მუშაკებმა კი თქვეს ერთმანეთში: ‘ეს მისი მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება.’ 8შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახს გარეთ. 9რას იზამს ვენახის პატრონი? – მივა, ამოწყვეტს მიწის მუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს. 10ნუთუ არ წაგიკითხავთ დაწერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. #ფს 117:22,23. 11უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში?’“ 12შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ.
13და მიუგზავნეს მას ზოგიერთნი ფარისეველთა და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაზე. 14და მივიდნენ და უთხრეს მას: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცის სახეს კი არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“ 15მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.“ 16მათაც მიუტანეს და ეუბნება მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ უთხრეს მას: „კეისრისა.“ 17იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“ და უკვირდათ მისი.
18მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ არ არის აღდგომა, და ჰკითხეს მას: #საქ 23:8. 19„მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ქალი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’#რჯ 25:5. 20იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, ნაშიერი არ დარჩენია. 21მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია ნაშიერი. ასევე მესამემ. 22შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია ნაშიერი. ყველას შემდეგ კი ქალიც მოკვდა.
23აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ 24უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა? 25რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 26ხოლო მკვდრების შესახებ, რომლებიც აღდგებიან, არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მას მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა’? #გამ 3:6. 27მკვდრებისა კი არ არის ღმერთი, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.“
28მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგად უპასუხა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“ #ლკ 10:25-28. 29მიუგო იესომ: „პირველი მცნებაა, – ისმინე, ისრაელო! – უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია; #რჯ 6:4,5. 30შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება. 31მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“ #ლევ 19:18. 32და უთხრა მას მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტებას ამბობ შენ, რადგან ‘ის ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,’ #რჯ 4:35. 33და ‘გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონიერებით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი’ – ეს ყოველ სრულადდასაწველზე და შესაწირავზე მეტია.“ #ოს 6:6. 34როდესაც იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღმერთის სასუფევლისგან.“ ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რაიმე ეკითხა მისთვის.
35და მიმართა იესომ მათ და თქვა, როდესაც ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა? 36თავად დავითმა თქვა სულიწმიდით: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.’#ფს 109:1. 37თავად დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის ის მისი ძე?“ და დიდძალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.
38და თქვა თავისი მოძღვრებით: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი; 39სინაგოგებში კი – წინა რიგები და ნადიმებზე – წინა ადგილები, 40რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“
41და იჯდა საგანძურის წინ და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ბევრმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. 42მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი ქალი და ჩადო სპილენძის ორი მონეტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. 43და დაუძახა თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. 44რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი ნაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.“

Currently Selected:

Mark 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in