YouVersion Logo
Search Icon

Matthew 26

26
1როდესაც დაასრულა იესომ ყველა ეს სიტყვა, უთხრა თავის მოწაფეებს: 2„თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი იქნება და კაცის ძე გადაეცემა ჯვარზე საცმელად.“#გამ 12:1-27.
3მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფას სახლში, 4და მოითათბირეს, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. 5მაგრამ ამბობდნენ: „დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი რომ არ ატყდეს.“
6ხოლო როდესაც იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, 7მივიდა მასთან ერთი ქალი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალაბასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა.#ლკ 7:37,38. 8მოწაფეებმა რომ დაინახეს, აღშფოთდნენ და თქვეს: „ასე ფუჭად რატომ დახარჯა? 9რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.“ 10ხოლო იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ ქალს? მან ხომ კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის? 11რადგან ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.#რჯ 15:11. 12ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, დასამარხად მომამზადა მე. 13ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგება ეს სახარება მთელ ქვეყნიერებაზე, ნათქვამი იქნება მის მოსაგონებლად ისიც, რაც მან გააკეთა.“
14მაშინ წავიდა ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა, ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან 15და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას 30 ვერცხლი.#ზაქ 11:12. 16მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.
17უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ 18მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს მოძღვარი: ‘ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან აღვასრულებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.’“ 19და მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი. 20რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. 21და როდესაც ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“ 22ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“ 23მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩააწობს ჯამში, ის გამცემს.#ფს 41:9. 24კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა კაცის ძე. უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.“ 25მიუგო იუდამ, მისმა გადამცემმა, და უთხრა: „მე ხომ არა ვარ, რაბი?“ უთხრა მას: „შენ თქვი!“
26ხოლო როდესაც ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს არის ჩემი სხეული.“ 27აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „შესვით ყველამ აქედან, 28რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.#გამ 24:8; იერ 31:31-34. 29გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როდესაც თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში.“ 30და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთისაკენ.
31მაშინ ეუბნება მათ იესო: „თქვენ ყველანი დაეჭვდებით ამაღამ ჩემში, რადგან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები.’#ზაქ 13:7. 32ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ.“#მთ 28:16. 33მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „ყველანი რომ დაეჭვდნენ შენში, მე არასოდეს დავეჭვდები.“ 34უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ 35ეუბნება მას პეტრე: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ.“ ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36მაშინ წავიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილას, რომელსაც გეთსემანია ჰქვია, და ეუბნება მოწაფეებს: „აქ ისხედით, სანამ იქ წავალ და ვილოცებ.“ 37და თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. 38მაშინ ეუბნება მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.“ 39და მცირედი რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.“ 40და მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „ნუთუ ვერ შესძელით ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? 41იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“ 42კვლავ წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.“ 43და მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ. 44და მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. 45მაშინ მივიდა მოწაფეებთან და ეუბნება მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე გადაეცემა ცოდვილებს ხელში. 46ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“
47და ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. 48ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!“ 49და მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა. 50ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, დაადეს ხელი იესოს და შეიპყრეს. 51და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა მახვილი, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 52მაშინ ეუბნება მას იესო: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება. 53იქნებ გგონია, არ შემიძლია შევევედრო ჩემს მამას და ახლავე გამომიგზავნის ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და მეტსაც? 54მაშ როგორ აღსრულდეს წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ 55იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: „მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად, როგორც ავაზაკზე. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ.#ლკ 19:47; 21:37. 56მაგრამ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს. 58ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა ბოლო. 59მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი 60და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი 61და თქვეს: „ეს ამბობდა: ‘შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენო.’“#იო 2:19. 62მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: „არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ 63იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავრმა უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?“ 64ეუბნება მას იესო: „შენ თქვი.“ მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: „ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს, ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს.“#დან 7:13. 65მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: „მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.#ლევ 24:16. 66რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: „სიკვდილის ღირსია.“ 67მაშინ აფურთხეს სახეში და სცემეს, ზოგიერთებმა სილა გააწნეს#ესა 50:6. 68და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ გაგარტყა?“
69პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში და მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“ 70მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ამბობ.“ 71როდესაც კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და ეუბნება იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“ 72და კვლავ უარყო ფიცით: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ 73მცირე ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, რადგან შენი კილო გამხილებს შენ.“ 74მაშინ იწყო თავის თავის წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ და მყისვე იყივლა მამალმა. 75და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: „სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

Currently Selected:

Matthew 26: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in