YouVersion Logo
Search Icon

Luke 8

8
1ამის შემდეგ დადიოდა იგი ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან ერთად იყვნენ, 2და ზოგიერთი ქალიც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი იყო გასული, #მთ 27:55,56; მრკ 15:40,41; ლკ 23:49. 3იოანა, ჰეროდეს მოურავის, ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მათ თავიანთი ქონებიდან.
4როდესაც დიდძალი ხალხი მოგროვდა და ქალაქის ყველა მცხოვრები მოვიდა მასთან, დაიწყო იგავით ლაპარაკი: 5„გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაეცა, ფეხქვეშ გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს, 6ზოგი კლდოვანზე დაეცა, აღმოცენდა და გახმა, რადგან სინოტივე არ ჰქონდა. 7ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, მასთან ერთად ეკალიც გაიზარდა და მოაშთო იგი.
8ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო.“ ეს თქვა და შესძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“ 9ჰკითხეს მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი. 10მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო სხვებს იგავებით ეძლევათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. #ესა 6:9.
11ეს იგავი კი ამას ნიშნავს: თესლი ღმერთის სიტყვაა; 12გზასთან დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ; 13კლდეზე დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ სიტყვას და სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან; 14ეკლებში ჩაცვენილი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზის საზრუნავი, სიმდიდრე და ცხოვრების სიამენი აშთობენ მათ და ნაყოფი ვეღარ გამოაქვთ; 15ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენს სიტყვას, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.
16არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შედგას, არამედ სასანთლეზე დებს, რათა შემომსვლელებმა დაინახონ ნათელი. #მთ 5:15; ლკ 11:33. 17რადგან არაფერია დაფარული, ცხადი რომ არ გახდეს, და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს. #მთ 10:26; ლკ 12:2. 18დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს.“#მთ 25:29; ლკ 19:26.
19მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ მიუახლოვდნენ ხალხის გამო. 20შეატყობინეს მას: „შენი დედა და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.“ 21ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ჩემი დედა და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღმერთის სიტყვას ისმენს და ასრულებს.“
22ისე მოხდა, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა.“ და გაცურეს. 23როდესაც მიცურავდნენ, ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ივსებოდა და საფრთხეში იყვნენ. 24მივიდნენ, გააღვიძეს ის და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით.“ და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ, და ჩამოდგა მყუდროება. 25უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“
26და გაცურეს გერასენელთა მხარეში, რომელიც გალილეის გაღმაა. 27ხმელეთზე გადასულს, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან, რომელსაც ეშმაკები ჰყავდა. დიდი ხნის მანძილზე არც სამოსელი ჩაუცვამს და არც სახლში უცხოვრია, არამედ სამარხებში. 28იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და დიდი ხმით შესძახა: „რას მემართლები იესო, ძეო მაღალი ღმერთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ!“ 29რადგან უბრძანა უწმიდურ სულს ამ კაცისგან გამოსულიყო – რადგან დიდ ხანს სტანჯავდა მას. აბამდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკისგან უდაბურ ადგილებში. 30ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი.“ რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. 31და ევედრებოდნენ მას, რომ არ ებრძანებინა მათთვის ქვესკნელში ჩასვლა. 32იყო იქ ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება. 33და გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაცისგან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო. 34მწყემსებმა რომ დაინახეს, რაც მოხდა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს. 35გამოვიდნენ მომხდარის სანახავად და მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფეხთით, და შეეშინდათ. 36მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული. 37და სთხოვა მას გერასენელთა სანახების მთელმა ხალხმა, გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა. 38ევედრებოდა მას ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ: შენთან ვიქნებიო. მაგრამ მან გაუშვა და უთხრა: 39„დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა მას იესომ.“
40როდესაც იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, რადგან ყველანი ელოდნენ მას. 41და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფეხთით და ევედრებოდა, რომ მისულიყო მის სახლში. 42რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, 12 წლისა, და კვდებოდა. და როდესაც წავიდა, ხალხი გზად ზედ აწყდებოდა. 43იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა, მთელი ქონება მკურნალებზე დაეხარჯა და ვერავის განეკურნა. 44უკნიდან მიეახლა და მისი სამოსის კალთას შეეხო. და მყისვე შეუწყდა სისხლდენა. 45და თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, უთხრა პეტრემ: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“ 46ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან გავიგე, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“ 47როდესაც ქალმა დაინახა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინ და მთელი ხალხის წინაშე განაცხადა, რისთვის შეეხო, და როგორ უცბად განიკურნა. 48უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით!“ 49ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.“ 50ეს რომ იესომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.“ 51სახლში რომ მივიდა, არავინ შეუშვა თავისთან ერთად, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. 52ყველა ტიროდა და გოდებდა. მან კი თქვა: „ნუ ტირით, არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ 53ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო. 54მან ხელი მოჰკიდა მას და შესძახა: „ადექი, ბავშვო!“ 55და დაუბრუნდა სული და მყისვე წამოდგა. და ბრძანა, რომ ბავშვისთვის საჭმელი მიეცათ. 56გაოგნებული იყვნენ მისი მშობლები. მან კი უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი.

Currently Selected:

Luke 8: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in