Luke 9
9
1მოუხმო მან თორმეტს და მისცა მათ ძალი და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე და სნეულებათა განკურნებისათვის. 2და წარგზავნა ისინი ღმერთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნებლად. 3და უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც არგანი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი; და არც ორი პერანგი იქონიოთ. #ლკ 10:4-11. 4რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდან გაემგზავრეთ. 5სადაც არ მიგიღებენ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ ფეხებიდან მტვერი, როგორც მოწმობა მათ წინააღმდეგ.“#საქ 13:51. 6და წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ.
7გაიგო ჰეროდე ტეტრარქმა ყველაფერი, რაც ხდებოდა და გაოცდა, რადგან ერთნი ამბობდნენ, რომ იოანე აღდგა მკვდრეთით, #მთ 16:14; მრკ 8:28; ლკ 9:19. 8მეორენი – ელია გამოჩნდაო, სხვები – აღდგაო რომელიღაც ძველ წინასწარმეტყველთაგან. 9ჰეროდემ თქვა: „იოანეს თავი მოვკვეთე, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი ამბები მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა.
10როდესაც დაბრუნდნენ მოციქულები, უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი თავისთან ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთსაიდა. 11შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. და იღებდა მათ და ელაპარაკებოდა ღმერთის სასუფეველზე, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა. 12დღე რომ იწურებოდა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რათა წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, რადგან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით.“ 13უთხრა მათ: „თქვენ მიეცით საჭმელი.“ მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გვაქვს, თუ არ წავედით და საჭმელი არ ვუყიდეთ მთელ ამ ხალხს.“ 14რადგან იქ 5 ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფ-ჯგუფად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს.“ 15ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი. 16აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ცას, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. 17ყველამ ჭამა და გაძღა. და აკრიფეს ნამუსრევი, რაც დარჩა – 12 გოდორი.
18ისე მოხდა, რომ როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ 19მათ მიუგეს და თქვეს: „იოანე ნათლისმცემელი; სხვები – ელია, სხვები – რომელიღაც ძველ წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო.“#მთ 14:1,2; მრკ 6:14,15; ლკ 9:7,8. 20იესომ უთხრა: „თქვენ რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ მიუგო და უთხრა: „ქრისტე, ღმერთის ცხებული.“ #იო 6:68,69.
21ხოლო მან მკაცრად უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს. 22უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნას უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს.“ 23ყველას კი უთხრა: „ვისაც სურს გამომყვეს მე, უარყოს თავისი თავი, იტვირთოს ყოველდღე თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. #მთ 10:38; ლკ 14:27. 24რადგან, ვისაც სურს თავისი სიცოცხლე იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას. #მთ 10:39; ლკ 17:33; იო 12:25. 25რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს? 26რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზთა დიდებაში. 27ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღმერთის სასუფეველს.“
28ამ სიტყვების თქმიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და ავიდა მთაზე სალოცავად. #2პტ 1:17,18. 29და ლოცვისას, მისი სახის ხატება შეიცვალა და მისი სამოსი ქათქათა თეთრი გახდა. 30და აჰა, საუბრობდა მასთან ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია, 31რომლებიც გამოჩნდნენ დიდებაში და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო. 32პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და როდესაც გამოეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომი ორი კაცი. 33ისე მოხდა, რომ როდესაც ისინი მას შორდებოდნენ, უთხრა პეტრემ იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენი აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას.“ რადგან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. 34ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მოუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. 35და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი რჩეული, უსმინეთ მას!“ #ესა 42:1; მთ 3:17; 12:18; მრკ 1:11; ლკ 3:22. 36ამ ხმის შემდეგ იესო მარტო აღმოჩნდა, ისინი კი დუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს.
37ისე მოხდა, რომ მეორე დღეს, მთიდან ჩამოსვლისას, დიდძალი ხალხი შეეგება მას. 38და აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადგან ეს ერთადერთი მყავს. 39სულსა ჰყავს შეპყრობილი; უეცრად წამოაყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს, დუჟს ადენს, და როცა ქანცს გაუწყვეტს, ძლივსღა გაეცლება. 40ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გამოედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“ 41მიუგო იესომ და თქვა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან და გითმინოთ? მომიყვანე შენი ძე აქ.“ 42და ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაკრუნჩხა. იესომ შერისხა უწმიდური სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას. 43ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღმერთის დიდებით.
და როდესაც ყველა გაკვირვებული იყო ყველაფრით, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს: 44„ყურად იღეთ ეს სიტყვები: კაცის ძე უნდა გადაეცეს ადამიანთა ხელთ.“ 45მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, იგი დაფარული დარჩა მათგან, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ერიდებოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების შესახებ.
46ერთი საფიქრალი გაუჩნდათ მათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის? #ლკ 22:24. 47იესომ, რომელიც ხედავდა მათი გულის საფიქრალს, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა. 48უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს წარმომგზავნელსაც მიიღებს. ხოლო ვინც უმცირესია ყველა თქვენს შორის, ის არის დიდი.“#მთ 10:40; ლკ 10:16; იო 13:20.
49მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და დავუშალეთ მას, რადგან არ მოგვდევს ჩვენ.“ 50უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, რადგან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, თქვენთანაა.“
51ისე მოხდა, რომ მისი ამაღლების დღეების მოახლოებისას, იბრუნა პირი იერუსალიმში წასასვლელად. 52და გაგზავნა მაცნეები თავის წინ. და წავიდნენ ისინი და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა თადარიგი დაეჭირათ მისი მოსვლისათვის. 53მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, რადგან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად. 54დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ, და უთხრეს: „უფალო, გინდა, ვუბრძანოთ, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?“ #4მფ 1:9-16. 55მაგრამ ის მიუბრუნდა მათ და გაუწყრა.#9:55 ზოგიერთ ძველ ხელნაწერში აქ დამატებით არის: და უთხრა: „არ იცით, რომელი სულისა ხართ? კაცის ძე არ მოსულა დასაღუპად, არამედ გადასარჩენად.“ 56და წავიდნენ ისინი სხვა სოფელში.
57გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: გამოგყვები, სადაც კი წახვალ. 58იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“ 59მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, გამიშვი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ 60მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სასუფეველი.“ 61სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ გამიშვი, ჩემს სახლს გამოვეთხოვო.“ #3მფ 19:20. 62უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანზე უდევს ხელი და უკან იყურება.“
Currently Selected:
Luke 9: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013