Luke 10
10
1ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა 72 და თავის წინ წარგზავნა ორ-ორი ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. 2უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი კი ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რათა გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. #მთ 9:37,38. 3წადით, აჰა, გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. #მთ 10:16. 4არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. #მთ 10:7-14; მრკ 6:8-11; ლკ 9:3-5. 5რომელ სახლშიც შეხვალთ, ჯერ ეს თქვით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’ 6და თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა, თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, რადგან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. სახლიდან სახლში ნუ დაიწყებთ სიარულს. #1კო 9:14; 1ტმ 5:18. 8რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც შემოგთავაზებენ. 9განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘მოგიახლოვდათ ღმერთის სასუფეველი.’ 10ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, გადით ქუჩებში და თქვით: #საქ 13:51. 11‘თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ აგვეკრო, თქვენზევე ვიბერტყავთ. ოღონდ იცოდეთ, რომ ახლოს არის ღმერთის სასუფეველი.’ 12გეუბნებით, სოდომისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის. #დაბ 19:24-28; მთ 10:15; 11:24.
13ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო სასწაულები, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ მოინანიებდნენ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი. #ესა 23:1-18; ეზკ 26:1—28:26; იოლ 3:4-8; ამო 1:9,10; ზაქ 9:2-4. 14მაგრამ ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება განსასჯელისას, ვიდრე თქვენთვის. 15შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები! #ესა 14:13-15. 16ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს; ხოლო ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს წარმომგზავნელს!“ #მთ 10:40; მრკ 9:37; ლკ 9:48; იო 13:20.
17სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდათორმეტნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“ 18უთხრა მათ: „ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა და მტრის ყოველი ძალის დასათრგუნად. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. #ფს 90:13. 20ოღონდ ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“
21იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. დიახ, მამაო, რადგან ასე იყო სათნო შენს წინაშე. 22ყველაფერი ჩემი მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს.“#იო 3:35; 10:15. 23მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. 24რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.“
25აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ #მთ 22:35-40; მრკ 12:28-34. 26უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“ 27მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ #რჯ 6:5; ლევ 19:18. 28უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“#ლევ 18:5. 29მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ 30მიუგო იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ. 31შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და მეორე მხარეს გადავიდა. 32ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მეორე მხარეს გადავიდა. 33ხოლო შემდეგ ვიღაც გზად მიმავალმა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიბრალა. #2ნშ 28:15. 34მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის სახედარზე, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. 35მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’ 36რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი გამოდგა დაყაჩაღებულის მოყვასი?“ 37თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“
38განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა ქალმა, სახელად მართამ, მიიწვია სახლში. #იო 11:1. 39მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფეხთით დაჯდა და ყურს უგდებდა მის სიტყვას. 40მართა კი ფეხზე ტრიალებდა. მივიდა და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ შემატოვა ამ სამზადისს? უთხარი, მომეხმაროს.“ 41მიუგო და უთხრა მას უფალმა: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, 42საჭირო კი ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.“
Currently Selected:
Luke 10: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013