1 Esdras (Greek) 6
6
1დარიოსის მეფობის მეორე წელს წინასწარმეტყველებმა: ანგიამ და ზაქარიამ, იდოს ძემ, უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელით უწინასწარმეტყველეს იერუსალიმსა და იუდაში მყოფ იუდაელებს. 2მაშინ ადგა ზერუბაბელი, შეალთიელის ძე, და იესო, იოსედეკის ძე, და დაიწყეს უფლის სახლის შენება იერუსალიმში უფლის წინასწარმეტყველთა თანდასწრებით, რომლებიც შეეწეოდნენ მათ.
3ამ დროს გამოეცხადა მათ სისინესი, სირიისა და ფინიკიის განმგებელი, სათრაბუზანესსა და მის თანამდგომებთან ერთად, და უთხრა მათ: 4„ვისი ნებართვით აშენებთ ამ სახლს და ამ ჭერს, და აღასრულებთ სხვა დანარჩენსაც? ან ვინ არიან ამის მოქმედი მშენებელნი?“ 5მაგრამ იუდაელთა უხუცესებმა მიიღეს მადლი უფლისაგან, რომელმაც ტყვეობაში მიხედა მათ; 6ამიტომაც არ აუკრძალეს შენება, ვიდრე ეს ამბავი ეუწყებოდა დარიოსს და პასუხი მოვიდოდა მისგან. 7აი, იმ წერილის პირი, დარიოსს რომ მისწერა და გაუგზავნა სისინესმა, სირიისა და ფინიკიის განმგებელმა, აგრეთვე სათარბუზანმა, და მათმა თანამდგომებმა – სირიისა და ფინიკიის მთავრებმა: 8„მოკითხვას ვუთვლით მეფე დარიოსს! უნდა გაუწყოთ, მეფე-ბატონო: იუდაელთა ქვეყანას რომ ვეწვიეთ და ქალაქ იერუსალიმში შევედით, ვნახეთ ტყვეობიდან გამოსული იუდაელთა უხუცესნი, იერუსალიმში უზარმაზარ ახალ სახლს რომ უგებენ უფალს ძვირფასი თლილი ქვებითა და კედლებში დატანებული ძელებით. 9თავგამოდებით შრომობენ და კარგადაც მიდის საქმე მათ ხელში; დიდებულად და გულმოდგინედ კეთდება ყველაფერი. 10მაშინ ვკითხეთ უხუცესებს და ვუთხარით: ‘ვისი ბრძანებით აშენებთ ამ სახლს და საფუძველს უყრით ამ საქმეს?’ 11ასე ვკითხეთ, რათა მოგვეწერა და გვეუწყებინა შენთვის, თუ ვინ არიან მათი თავკაცნი და წინამძღოლთა სიაც მოვთხოვეთ. 12ხოლო მათ პასუხად გვითხრეს: ‘ჩვენა ვართ მონები ღვთისა, ცისა და მიწის შემოქმედისა. 13ეს სახლი მრავალი წლის წინათ აიგო ისრაელის დიდი და ძლევამოსილი მეფის მიერ და დასრულებულ იქნა, 14მაგრამ როცა ჩვენმა მამებმა თავიანთი ცოდვებით განარისხეს ზეციური უფალი ისრაელისა, მაშინ ისინი ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა მეფეს ჩაუგდო ხელში. 15სახლი დაანგრიეს და დაწვეს, ხოლო ხალხი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. 16მაგრამ კვიროსის გამეფების პირველსავე წელს ბაბილონის ქვეყანაზე მეფე კვიროსმა ბრძანა აგვეშენებინა ეს სახლი. 17ოქროსა და ვერცხლის წმიდა ჭურჭელი, ნაბუქოდონოსორმა რომ წარიტაცა იერუსალიმის სახლიდან და თავის საკერპოში დადო, კვიროსმა ბაბილონის ტაძრიდან გამოიტანა და ზერუბაბელსა და მთავარ შეშბაცარს გადასცა. 18და უბრძანა მას, წამოეღო ეს ჭურჭელი, იერუსალიმის ტაძარში დაედო და აეშენებინა ღვთის ტაძარი მისსავ ადგილას. 19მაშინ მოვიდა შეშბაცარი და იერუსალიმში საძირკველი ჩაუყარა უფლის სახლს; მას მერე დღემდე შენდება და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.’ 20აწ, თუ ინებებ, მეფეო, მოიძიონ ბაბილონს, მეფე კვიროსის წიგნთსაცავებში. 21თუ აღმოჩნდება, რომ უფლის სახლი მეფე კვიროსის ნებით შენდებოდა იერუსალიმში, და თუ ასეთია ჩვენი ბატონის ნებაც, ჩვენც გვეუწყოს. 22მაშინ ბრძანა დარიოს მეფემ მოეძებნათ ბაბილონის წიგნთსაცავებში; და მიდიის ქალაქ ეკბატანაში მიაკვლიეს ერთ ჩანაწერს, რომელშიაც ნათქვამი იყო: 23კვიროსის მეფობის პირველ წელს მეფე კვიროსმა ბრძანა უფლის სახლი აეგოთ იერუსალიმში, სადაც უშრეტ ცეცხლზე სწირავენ მსხვერპლს. 24სიმაღლით 60 წყრთა, სიგანით 60 წყრთა, თლილი ქვის სამი სახლითა და ადგილობრივი ხით ნაშენი ერთი ახალი სახლითურთ, ხოლო ხარჯი კვიროს მეფის სახლმა გაიღოს. 25უფლის სახლის წმიდა ჭურჭელი, ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის სახლიდან რომ წამოიღო ბაბილონში, იერუსალიმის სახლს დაუბრუნდეს და სადაც ინახებოდა, იქვე დაიდოს. 26ვუბრძანე სისინესს, სირიისა და ფინიკიის განმგებელს, სათრაბუზანესს და მათ თანამდგომთ, სირიასა და ფინიკიაში მთავრებად გამწესებულთ, დაეხსნან იქაურობას და საშუალება მისცენ უფლის მონას ზერუბაბელს, იუდაელთა მთავარს, და იუდაელთა უხუცესებს უფლის სახლი ააგონ მის ძველ ადგილას. 27ხოლო მე ვბრძანებ: მთლიანად ააშენონ და თვალი ადევნონ, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულ იუდაელებს არ მოაკლდეთ შემწეობა უფლის სახლის დასრულებამდე; 28რომ კელესირიასა და ფინიკიაში აკრეფილი ხარკიდან ამ ხალხს დროულად ეძლეოდეს წილი უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად, და მთავარ ზერუბაბელს – ზვარაკის, ვერძებისა და კრავებისთვის. 29ასევე დაუბრკოლებლივ – ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი ყოველწლიურად, და როგორც იერუსალიმელი მღვდლები მოითხოვენ, რაც კი რამ სჭირდებათ დღიურ სახარჯოდ. 30რათა მსხვერპლს სწირავდნენ მეფისა და მისი შვილებისათვის და მათ დღეგრძელობას შესთხოვდნენ უზენაეს ღმერთს. 31ვბრძანებ, თუ ვინმე დაარღვევს ან შეცვლის დაწერილს, მისივე საკუთარი ძელი აიღონ და ზედ ჩამოჰკიდონ, მისი ავლადიდება კი მეფის საკუთრებად გამოცხადდეს. 32ამის გამო უფალი, ვის სახელსაც იქ უხმობენ, მიწის პირისაგან აღგვის ყველა მეფესა და ხალხს, ვინც შეეცდება ხელი შეუშალოს, ან ბოროტი ზრახვით შეაფერხებს უფლის სახლის მშენებლობას იერუსალიმში. 33მე, მეფე დარიოსმა, დავადგინე, ყველაფერი ზუსტად აღსრულდეს ამის მიხედვით.“
Currently Selected:
1 Esdras (Greek) 6: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013