1 Esdras (Greek) 7
7
1მაშინ სისინესი, კელესირიისა და ფინიკიის განმგებელი, სათრაბუზანესი და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანებისამებრ, 2სათავეში ჩაუდგნენ ამ წმიდა საქმეს და შემწეობას არ აკლებდნენ იუდაელ უხუცესებსა და მღვდელთმთავრებს. 3ასე რომ, წარმატებით წარიმართა წმიდა საქმე ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით. 4და აღასრულეს ყოველივე უფლის, ისრაელის ღმერთის, განგებით;
5კვიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს – სპარსელ მეფეთა – ნებით დასრულდა წმიდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს. 6ყველაფერი აღასრულეს ისე, როგორც წერია მოსეს წიგნში, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან დაბრუნებულმა მათმა დანარჩენმა თანამდგომებმა. 7უფლის ტაძარს კურთხევისთვის შესწირეს 100 კურატი, 200 ვერძი და 400 კრავი; 8და 12 თხა – ისრაელის ცოდვებისათვის, ისრაელის 12 ტომის მთავართა რიცხვის მიხედვით. 9იდგნენ შემოსილი მღვდლები და ლევიანები, ტომთა მიხედვით, უფლის, ისრაელის ღმერთის, წინაშე, თანახმად მოსეს წიგნისა, და მეკარენი თვითეულ ბჭესთან; 10გაამზადეს ტყვეობიდან დაბრუნებულმა ისრაელიანებმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმენდილიყვნენ მღვდლები და ლევიანები. 11ტყვეობიდან დაბრუნებული ყველა ისრაელიანი არ გაწმენდილა, რადგანაც ყველა ლევიანი განიწმიდა ერთად. 12და შესწირეს პასექი ტყვეობის ყველა ძესა და თავიანთ ძმებს, მღვდლებსა და თავიანთ თავს. 13და ჭამა ტყვეობიდან დაბრუნებულმა ისრაელის ყველა ძემ, ქვეყნიერების ხალხთა სიბილწისგან განდგომილმა და უფლის მძებნელმა. 14შვიდი დღე ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს და ხარობდნენ უფლის წინაშე, 15რომელმაც ასურელთა მეფეს შეაცვლევინა გადაწყვეტილება მათ მიმართ, რათა უფლის, ისრაელის ღმერთის, საქმეთათვის განემტკიცებინა მათი ხელი.
Currently Selected:
1 Esdras (Greek) 7: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013