ფსალმ. 36
36
1დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
2რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
3მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
4ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს.
5მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
6და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით.
7დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
8მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
9რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
10კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
11ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.
12ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
13უფალი დასცინებს მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
14მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდები, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, და მოსპონ გზიანები.
15მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდი შეიმუსრება.
16მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
18იცის უფალმა დღენი უცოდველთა, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება,
19არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
20რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვით ნასუქი ცხვარნი, გაქრებიან, ვითარცა
21ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
22რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
23უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯნი კაცისა, და მის გზას შეიყვარებს.
24კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
25ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა – პურზე ხელგაწვდილი.
26ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.
27ერიდე ბოროტს და ქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ.
28რადგან უფალს სამართალი უყვარს, და არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
29მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
30მართალთა ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
31რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
32ბოროტი უთვალთვალებს წმიდას და მის მოკვლას აპირებს.
33მაგრამ უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
34მიენდე უფალს და დარჩი მის გზაზე, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
35მინახავს ბოროტი გამძვინვარებული, ფესვგადგმული, ვითარცა ხე ამწვანებული.
36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ ვპოულობ.
37დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
38ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
39ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.
40და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.
Currently Selected:
ფსალმ. 36: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002