YouVersion Logo
Search Icon

აბდ. 1

1
ედომის დამცირება
1ხილვა აბდიასი. ასე ბრძანა უფალმა ედომზე – ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს, „ადექით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად!
2აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩად ხარ აგდებული!
3შენმა მზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: „ვინ ჩამომაგდებს ძირს?’
4არწივივით მაღლაც რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ“, – ამბობს უფალი. –
5„ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ღამის ყაჩაღები – ასე არ გაჩანაგდებოდი. მხოლოდ თავის სამყოფს მოიპარავდნენ ისინი. ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადაურჩებოდათ.
6როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი საგანძურები!
7საზღვრამდე მიგრეკავენ შენი მოკავშირენი, გიმუხთლებენ და დაგძალავენ შენი მოზავენი, შენს პურზე გამოზრდილნი მახეს დაგიგებენ (გონიერება არ არის მასში).
8განა ეს იმავე დღეს მოხდება, – ამბობს უფალი, – როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას – ესავის მთაზე?
9შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან ამოვარდება კაცის სახსენებელი ესავის მთაზე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.
ედომის დიდი ცოდვა
10იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას, იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები.
11იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა უცხო თესლი შემოვიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე – შენც ერთი იმათგანი იყავი!
12არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა.
13არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს. არ უნდა გეცქირა მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისათვის მისი დაღუპვის დღეს.
14არ უნდა მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ უნდა გაგეცა მისი ნატამალი ჭირის დღეს.
ედომი უფლის დღეს
15რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისათვის, როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება.
16როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით; შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს.
ედომის ხსნა სიონის მთაზე
17სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმიდა იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი.
18იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი – ალი, ხოლო ესავის სახლი – ნამჯა. მოედება და შთანთქავს მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
19სამხრეთი დაიმკვიდრებს ესავის მთას და ბარი – ფილისტიმელთა ქვეყანას. დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ბენიამინი კი – გილყადს.
20ისრაელიანთა განთესილი ერი ცარფათამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს.
21ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსაკითხავად და უფლისა იქნება სამეფო.

Currently Selected:

აბდ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in