ლუკ. 11
11
„მამაო ჩვენო“
1ერთხელ, როცა იგი ერთ ადგილას ლოცულობდა, და დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს.“
2უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
3პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღითი დღე.
4და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში.“
5და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: ‘მეგობარო, მასესხე სამი პური.
6ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო.’
7და მან შიგნიდან გამოსძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’
8გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება.
9და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.
10ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ.
11რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს?
12ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს?
13ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.“
ბელზებულის ძალით, თუ ღვთის თითით. დაგვილი სახლი
14დევნიდა იგი ეშმაკს კაცისაგან რომელიც მუნჯი იყო. და, როცა ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი.
15ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნისო ეშმაკებს.
16ზოგი კი გამოსაცდელად მოითხოვდა მისგან ნიშანს ციდან.
17ხოლო მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა გაყოფილი, გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა.
18და თუ სატანა გაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომც მე ბელზებულით ვდევნიდე ეშმაკებს.
19თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
20და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი.
21როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის.
22ხოლო, როცა მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ჰქონდა, და ნადავლს დაარიგებს.
23ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
24როცა უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.
25მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოვლილს.
26მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.“
ნეტარ არიან მსმენელნი და დამცველნი
27სანამ ის ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ხალხიდან და წარმოთქვა: „ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.“
28მან კი თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას.“
29როცა ხალხი მოაწყდა, და იწყო, მან ლაპარაკი: „ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა: ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა;
30ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისათვის ძე კაცისა.
31სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
32ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი.“
ნათელი და ბნელი
33„არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს.
34სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
35ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?
36თუ კი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, როგორც სანთელი ელვარებით გინათებდეს.“
37ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა.
38ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან არ დაიბანა ჭამის წინ.
39უთხრა მას უფალმა: „ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და თეფშს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით.
40უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?
41არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.
ვაი ფარისევლებს
42„მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ.
43ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ წინა ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე!
44ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!“
45ამაზე ერთ-ერთმა რჯულის მცოდნემ უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას.“
46მან კი უთხრა: „ვაი თქვენც, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ.
47ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!
48ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ.
49ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ: ‘მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან,’
50რათა მოიკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სოფლის შექმნიდან დაღვრილა –
51აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოჰკითხავენ.
52ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“
53როცა ამას ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და ბევრზე სალაპარაკოდ გამოწვევა.
54რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
Currently Selected:
ლუკ. 11: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002