ლუკ. 10
10
სამოცდაათი მოწაფის მივლინება
1ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.
2უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
3წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.
5რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს!
6თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ.
7იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ.
8რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
9განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.’
10ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
11‘თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი.’
12გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
13ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.
14მაგრამ ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდება განკითხვისას, ვიდრე თქვენ.
15შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები!
16ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!“
17სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“
18მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი.
19აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ.
20ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“
იესო ადიდებს მამას
21იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე.
22ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა, ხოლო არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს.“
23მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.
24რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.“
იგავი გულმოწყალე სამარიელიზე
25აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
26მან უთხრა მას: „რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?“
27მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“
28უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“
29მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“
30უპასუხა იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს.
31შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.
32ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია.
33მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა.
34მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.
35მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.
36რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“
37მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“
მარიამი და მართა
38განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიწვია იგი სახლში.
39მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს.“
41და უთხრა მას უფალმა პასუხად: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ,
42საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.“
Currently Selected:
ლუკ. 10: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002