იობ. 42
42
იობის განაჩენი საკუთარ თავზე
1და მიუგო იობმა უფალს:
2„ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება.
3ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს და ვერას გულისხმაჰყოფს? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
4ისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები, და მაცოდინე.
5ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ.
6ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.“
ეპილოგი
7და მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა მან ელიფაზ თემანელს: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
8ახლა კი წაიყვანეთ შვიდი მოზვერი და შვიდი ჭედილა, და მიდით იობთან, ჩემს მსახურთან, და აღავლინეთ თქვენთვის სრულადდასაწველი. და ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან მის ლოცვას მივიღებ, რათა თქვენი უტიფრობისამებრ არ მოგექცეთ, რომ ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“
9და წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალმა უბრძანა მათ. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა.
10და აღუდგინა უფალმა იობს უწინდელი წარმატება, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრისათვის. ორმაგად მიუმატა უფალმა ყოველივე, რაც ებადა იობს.
11და მივიდნენ მასთან ყველა მისი ძმა და ყველა მისი და, და ყველა მისი უწინდელი ნაცნობ-მეგობარი, და ჭამეს მასთან პური მის სახლში. და მათ უთანაგრძნეს მას და ანუგეშეს ყველა იმ უბედურების გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას, და თითოეულმა მისცა თითო ქესიტა და თითო ოქროს ბეჭედი.
12და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.
13და ჰყავდა მას შვიდი ძე და სამი ასული.
14და დაარქვა ერთს სახელად იემიმა, მეორეს – კეციყა და მესამეს – კერენ-ჰაფუქი.
15და არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა ტურფა ქალები მთელს ქვეყანაზე. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმათა შორის.
16და იცოცხლა იობმა ამის შემდეგ ასორმოცი წელი და იხილა მან თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა.
17და მოკვდა იობი დღეებით სავსე.
Currently Selected:
იობ. 42: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002