იობ. 41
41
გაგრძელება
1 „თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბლით თუ დაუბამ ენას?
2 ლერწამს თუ გაუყრი მას ცხვირში და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას?
3 თუ განამრავლებს ის შენს მიმართ ვედრებას და ტკბილად თუ დაგელაპარაკება?
4 თუ დაგიდებს აღთქმას, და საუკუნო მონად თუ გაიხდი?
5 თუ ეთამაშები მას, როგორც ჩიტს და თუ დაუბამ მას შენს გოგონებს?
6 თუ ივაჭრებენ მასზე მოვაჭრენი თუ გაყოფენ მას ვაჭართა შორის?
7 თუ აუვსებ მას კანს ისრებით და თავს – ბარჯებით?
8 დაადე მას შენი ხელი, გახსოვდეს ბრძოლა და აღარ შეეცდები!
9 აჰა, გაცრუვდა შენი იმედი; მის შეხედვაზეც კი დაეცემი.
10 რომელი მამაცი გააღვიძებს მას? ვინ არის, რომ წინ დამიდგეს?
11 ვინ გამომიწვია მე, რომ გადავუხადო? მთელი ცისქვეშეთი ჩემია.
12 არ დავდუმდები მისი სხეულის კიდურებზე, მის ძლიერებაზე, მის მოხდენილ აღნაგობაზე.
13 ვინ მოხდის მას მოსასხამს? ვინ შეაღწევს მის ორკეც აბჯარში?
14 მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
15 მისი ზურგი ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული.
16 ერთი მეორეზეა და ქარი ვერ ატანს მათ შორის:
17 ერთმანეთზე არიან მიწებებულნი, შეიკვრნენ და ვეღარ დაშორდებიან.
18 მისი ცხვირის ცემინება ნათელს აკვესებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა.
19 მისი სახიდან ჩირაღდნები გამოდის და ცეცხლის ნაპერწკალები ცვივა.
20 მისი ნესტოებიდან კვამლი გამოდის, როგორც ათუხთუხებული ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან.
21 მისი სუნთქვა ნაკვერცხლებს აღვივებს, და მისი პირიდან ალი გამოდის.
22 მის ქედზე ძალა ათენებს, და მის წინაშე ცეკვავს ძრწოლა.
23 მისი ხორცის ნაწილები შეწებებულია ერთმანეთს, მტკიცედ ასხია მას, უძვრელად.
24 მისი გული ქვასავით მტკიცე. და ქვედა დოლაბივით მაგარია.
25 მის წამომართვაზე ძრწიან ღმერთები.
26 სწვდება მას მახვილი, მაგრამ ვერას აკლებს, ასევე ვერც შუბი, ლახვარი და ჰოროლი.
27 რკინა ჩალად უჩანს, სპილენძი ფუტურო ხედ.
28 ვერ გააქცევს მას ისარი, თივად არის ქცეული მისთვის შურდულის ქვები.
29 ბზედ უჩანს მას ლახტი და დასცინის ჰოროლის ზუზუნს.
30 ქვემოდან მას წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი საფლობში,
31 ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის ქვად აქცევს.
32 თავის უკან ბილიკს ანათებს, უფსკრული ჭაღარად ჩანს.
33 არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად გაჩენილი.
34 ყოველივე მაღალს ხედავს: ის მეფობს ყოველ ქედმაღალზე.“
Currently Selected:
იობ. 41: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002