იობ. 24
24
იობის პასუხის გაგრძელება
1„რად არ არის ყოვლადძლიერისათვის დაფარული ვადები, და მისი მცნობელნი რად ვერ ხედავენ მის დღეებს?
2ურჯულონი სამანებს ანაცვლებენ, იტაცებენ ნახირს და მწყემსავენ მათ.
3ობოლთა სახედრებს ერეკებიან, ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;
4გაჭირვებულს გზიდან აგდებენ, ერთად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი.
5როგორც უდაბნოში კანჯრები, გადიან თავიანთ საქმეზე ნადავლის საძებრად. ტრამალი პურს აძლევს მათ ბავშვებს.
6სხვის ყანაში მკიან და ურჯულოს ვენახს იმცვრევენ.
7შიშვლად ათევენ, უწამოსასხამოდ და არა აქვთ წასაფარებელი ყინვაში.
8მთების თქეშში ილუმპებიან, და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან.
9ძუძუსა სწყვეტენ ობოლს, და მიჰყავთ ღარიბისაგან გირაოდ.
10შიშველნი დაწანწალებენ უსამოსლოდ, და დამშეულნი ძნებს დაათრევენ.
11მათ კედლებში ზეთისხილის ზეთს ხდიან, საწნახლებში წურავენ ყურძენს, თავად კი სწყურიათ.
12ქალაქიდან მომაკვდავნი გმინავენ და დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათს ვედრებას.
13ისინი ნათლის მეამბოხენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ დგანან მის ბილიკებზე.
14განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდივით არის.
15და მრუშის თვალი ბინდის მოლოდინში ამბობს: ‘კაცის თვალი ვერ მიხილავს.’ და სახეზე საფარველს იფარებს.
16ბნელში ძირს უთხრიან სახლებს, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი,
17რადგან დილა მათთვის სიკვდილის აჩრდილია, რადგან შეუამხანაგდნენ სიკვდილის აჩრდილის საშინელებებს.
18მსუბუქია ის წყლის ზედაპირზე, დამცრობილია მისი ხვედრი მიწაზე, არ გაუხვევს ვენახთა გზებისკენ.
19გვალვა და ხორშაკი შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი – ცოდვილებს.
20დაივიწყებს მას დედის საშო ჭია იტკბარუნებს მას, აღარავის გაახსენდება, ხესავით გადატყდება უკეთურება.
21ავად ექცევა ბერწ ქალს, უშვილოს, და ქვრივს სიკეთეს არ უკეთებს.
22სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძლიერთ თავისი ძალით, დგება და არ იჯერებს, რომ ცოცხალია.
23იგი აძლევს მას სიმშვიდეს და ისიც ეყრდნობა, და თვალი მათ გზებზე უჭირავს.
24მცირე ხანს აღზევდნენ და აჰა, აღარ არიან. დამდაბლდებიან, დაეცემიან, როგორც ყველანი, და თავთავებივით წაიკვეთებიან.
25ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვას?“
Currently Selected:
იობ. 24: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002