YouVersion Logo
Search Icon

ეს. 41

41
გაგრძელება
1დადუმდით ჩემს წინაშე, კუნძულებო, ხალხებმა კი ძალა განიახლონ. ახლოს მოდგნენ და ილაპარაკონ, ერთად მივიდეთ სამსჯავროზე.
2ვინ გამოაღვიძა აღმოსავლეთიდან, ვინც თავის ფეხად მოუხმო სიმართლეს, მისცა მის წინაშე ხალხები და დაიმორჩილა მეფენი? მტვრად აქცევს მათ თავისი მახვილით, ქარით წაღებულ ბზედ – თავისი მშვილდით.
3დაედევნება მათ, მშვიდობით გაივლის გზაზე, რომელზეც თავისი ფეხით არ გაუვლია არასოდეს.
4ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? მან, ვინც თავიდან მოუწოდებს თაობებს. ‘მე, უფალი, ვარ პირველი და უკანასკნელებთან იგივე ვარ.’“
5დაინახეს კუნძულებმა და შეშინდნენ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ.
6თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და თავის ძმას ეუბნება: „მტკიცედ იყავი!“
7და ხურო ოქრომჭედელს განამტკიცებს, ჩაქუჩით გამომჭედი – გრდემლზე მცემელს. ამბობს ნარჩილზე: „კარგია!“ და ამაგრებს კერპს ლურსმნებით, რომ არ დაიშალოს.
8„და შენ, ისრაელ, ჩემო მსახურო იაკობ, რომელიც მე ამოგირჩიე, თესლო ჩემი საყვარელი აბრაამისა,
9შენ, რომელიც აგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი კუთხეებიდან მოგიხმე, გითხარი: ‘ჩემი მსახური ხარ შენ! მე ამოგარჩიე შენ და არ უკუგაგდე.
10ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’
11აჰა, შერცხვებიან და გაწბილდებიან არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მდევარნი.
12ძებნას დაუწყებ და ვერ ჰპოვებ მათ, შენს მოშუღლეებს. არაფრად და არარაობად იქცევიან შენთან მებრძოლნი.
13რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი.“
14ნუ გეშინია, მატლო იაკობ, მე შეგეწევი შენ!“ – ამბობს უფალი, და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა!
15აჰა, მე შენ დაგდე ახალ, დაკბილულ მჭრელ კევრად; შენ გალეწავ მთებს და გააცამტვერებ, ბორცვებს ბზესავით გახდი.
16დაანიავებ და ქარი მიმოაბნევს მათ და ქარიშხალი მიმოფანტავს, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდით იამაყებ.
17ღარიბ-ღატაკნი წყალს ითხოვენ და არ არის, მათი ენა წყურვილისაგან გაშრა. მაგრამ მე, უფალი, ვუპასუხებ, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ.
18გამოვადენ ხრიოკ ბორცვებზე მდინარეებს და ხეობებს შორის წყაროსთვალებს, უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ და ურწყავ მიწას – წყლის წყაროებად.
19უდაბნოში გავახარებ კედარს აკაციას, მურტსა და ზეთისხეს; ტრამალზე დავრგავ კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს ერთად,
20რათა დაინახონ და შეიტყონ, და გულისხმაყონ და შეიგნონ ერთიანად, რადგან უფლის ხელმა ქმნა ეს, და მოიმოქმედა ისრაელის წმიდამ.
21„გაგვაცანით თქვენი საქმე!“ – ამბობს უფალი. „მოიყვანეთ თქვენი მტკიცებანი!“ – ამბობს იაკობის მეფე.
22მოგვეახლონ და გვითხრან, რა მოხდება. გვითხრან პირვანდელზე, თუ რა იყო, და გულისხმავყოფთ და გავიგებთ მის დასასრულს. ან მომავალზე გვასმინონ რამე,
23წინასწარ გვაუწყეთ, რა მოხდება, და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. სიკეთეს იზამთ თუ ბოროტებას, მიმოვიხედავთ და ვნახავთ ერთად.
24აჰა, არაფერი ხართ თქვენ, და თქვენი მოქმედება არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით.
25აღვძარი მათგანი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან უხმობს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს განმგებელნი ტალახივით, როგორც მექოთნე ზელავს თიხას.
26ვინ გამოაცხადა თავიდანვე, რომ ვიცოდეთ? და ადრიდანვე, რომ ვთქვათ: „მართალია!“ მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის გაუგებინებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27მე პირველმა სიონს: „აჰა, ისინი!“ და იერუსალიმს: „მოგცემ მახარობელს“.
28და გავიხედე და არავინ იყო; არავინ იყო მათგან მრჩეველი, რომ მეკითხა და გაეცათ პასუხი.
29აჰა, არარანი არიან ყველანი, არარაობაა მათი საქმენი, ქარი და სიცარიელეა მათი ჩამოსხმული კერპები.

Currently Selected:

ეს. 41: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in