YouVersion Logo
Search Icon

ებრ. 13

13
რჩევა მორწმუნეებს ყოფაქცევაზე
1ძმური სიყვარული დარჩეს.
2სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ.
3გაიხსენეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით.
4ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს.
5თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
6ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“
7გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას.
8იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდეც.
9არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.
10ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
11ვინაიდან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათათვის შეაქვს მღვდელმთავარს წმიდაში, ბანაკს გარეთ წვავენ.
12ამიტომ იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ იტანჯა.
13მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა.
14ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, მომავალს ვეძებთ.
15მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
16არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის.
შეგონება
17მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის.
18ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ.
19უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.
ლოცვა, რომ ღმერთმა სრულყოს ისინი
ყოველ კეთილ საქმეში
20ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,
21სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს მიერ. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოკითხვა
22გთხოვთ, ძმებო, შეიწყნარეთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
23იცოდეთ, გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და, თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ.
24მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან.
25მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ.

Currently Selected:

ებრ. 13: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy