YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 1

1
იოანეს მოწმობა
1გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მეშვეობით თავის მსახურს იოანეს,
2რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და, რაც იხილა.
3ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის შემნახველი, რადგან ახლოა ჟამი.
აზიაში შვიდ ეკლესიას
4იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,
5და იესო ქრისტესაგან, რომელიც სარწმუნო მოწამეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან
6და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
7აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ.
8„მე ვარ ანი და ჰოე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.“
იოანეს ხილვა პატმოსზე
9მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე გასაჭირში, სუფევასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში. ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.
10მე ვიყავი სულში უფლის დღეს და ზურგსუკანიდან შემომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი,
11რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოს, სმირნას, პერგამოს, თიატირას, სარდეს, ფილადელფიას და ლაოდიკიას“.
12მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე.
13შვიდი სასანთლის შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა მოსასხამი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
14მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი. თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
15მისი ფეხები, როგორც მოელვარე სპილენძი, როგორც ქურაში გავარვარებული. მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.
16მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი, მისი სახე იყო როგორც მზე, თავის სრულ ძალაში რომ ანათებს.
17როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი,
18და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.
19ამიტომ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
20შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში და შვიდი ოქროს სასანთლე: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე შვიდი ეკლესიაა.

Currently Selected:

გამოცხ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in