YouVersion Logo
Search Icon

ეზეკ. 46

46
მთავართა და ხალხის მსხვერპლი
1„და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘შიგნითა ეზოს კარიბჭე, აღმოსავლეთით მიქცეული, დახშული იქნება საქმიანობის ექვსი დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ დღეს და ახალმთვარობის დღეს გაიღება.
2და მოვა მთავარი კარიბჭის დარბაზის გზით გარედან და დადგება კარიბჭის წირთხლზე, და შესწირავენ მღვდლები მის სრულადდასაწველს და მის სამშვიდობო შესაწირავს, და თაყვანს სცემს იგი კარიბჭის ზღურბლზე, და გავა და კარიბჭე არ დაიხშება საღამომდე.
3და თაყვანს სცემს ქვეყნის ხალხი უფლის წინაშე იმ ჭიშკრის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობებში.
4და სრულადდასაწველი, რომელსაც შესწირავს მთავარი უფალს შაბათ დღეს, იქნება ექვსი უნაკლო ცხვარი და უნაკლო ვერძი,
5და ძღვენი ერთი ეფა ვერძზე, ძღვენი ცხვრებზე კი მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთი ჰინი საწყაულზე.
6ახალმთვარობის დღეს უნაკლო მოზვერი და უნაკლო ექვსი ცხვარი და ვერძი იქნება.
7და ერთ ეფას ვერძზე და ერთ ეფას მოზვერზე შეასრულებს ძღვენს და ცხვრებს, რამდენსაც გაიმეტებს მისი ხელი, და ზეთს ჰინის ეფაზე.
8და როდესაც მოვა მთავარი, კარიბჭის დარბაზის გზით მოვა და იმავე გზით გავა.
9და როდესაც მოვა ერი ქვეყნისა უფლის წინაშე ზეიმებში, თაყვანის საცემლად შემოსული ჩრდილოეთის კარიბჭის გზით, გავა სამხრეთის გზით. და შემომსვლელი სამხრეთის კარიბჭის გზით გავა ჩრდილოეთის კარიბჭით. არ მობრუნდება იმ კარიბჭის გზით, რომლითაც შემოვიდა, არამედ მოპირდაპირეთი გავა.
10და მთავარიც მათ შორის, მათი შემოსვლისას მოვა და მათი გასვლისას გავა.
11და დღესასწაულებში და ზეიმებში ძღვენი იქნება: ეფა მოზვერზე და ეფა ვერძზე და ცხვრებზე მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთი – ერთი ჰინი ეფაზე.
12და თუ აღასრულებს მთავარი სრულადდასაწველს ნებაყოფილობით ან სამშვიდობოს ნებაყოფილობით, გაუღებენ მას აღმოსავლეთით მიქცეულ კარიბჭეს და შეასრულებს იგი მის სრულადდასაწველს და მისი სამშვიდობო მსხვერპლს, როგორც ასრულებს შაბათის დღეს, და გავა და დახშავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ.
13უნაკლო ერთწლიანი ვერძით შეუსრულე სრულადდასაწველი ყოველდღე უფალს. ყოველ დილით შეასრულე ეს.
14და ძღვენი მოუტანე მას დილაობით მეექვსედი ეფასი და ზეთი მესამედი ჰინისა, რათა დანამოს ფქვილი განმტკიცული. ესაა ძღვენი უფლისა – საუკუნო წესი, სამუდამოდ.
15და მოამზადონ ვერძი და ძღვენი და ზეთი დილაობით – სამუდამო სრულადდასაწველი.’
16და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თუ მისცემს მთავარი საჩუქარს რომელიმეს თავის ძეთაგან, მის ძეთა მემკვიდრეობა იქნება იგი. ეს მათი საკუთრებაა მემკვიდრეობით.
17და თუ მისცემს ის თავისი სამკვიდრებლიდან თავის ერთ მსახურთაგანს, მაშინ მისი იქნება იგი განთავისუფლების წლამდე და დაუბრუნდება მთავარს. მხოლოდ მის ძეთ ექნებათ ის სამკვიდრებლად.
18ვერ აიღებს მთავარი ერის სამკვიდრებლიდან რაიმეს მათი საკუთრებიდან მათი გამოძევებით. მხოლოდ თავისი საკუთრებიდან დაუმკვიდრებს თავის ძეთ, რომ არავინ მოსცილდეს ჩემს ერში თავის საკუთრებას.’“
ადგილი, სადაც იხარშებოდა მსხვერპლი
19და მიმიყვანა შესასვლელთან, რომელიც კარიბჭის კუთხეშია, მღვდელთა წმიდა სენაკებთან, რომლებიც ჩრდილოეთითაა მიქცეული, და მიჩვენა იქ ადგილი კიდეზე, დასავლეთით,
20და მითხრა: ‘ეს არის ადგილი, სადაც მღვდლები მოხარშავენ დანაშაულისა და ცოდვის მსხვერპლს, სადაც გამოაცხობენ ძღვენს, რათა არ იქნეს გატანილი გარეთა ეზოში, რომ არ გადაედოს ერს სიწმიდე.“
21და გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე. და იქ ვნახე ეზო ეზოს კუთხეში.
22ეზოს ოთხივე კუთხეში ჩაკეტილი ეზოები იყო, ორმოცი სიგრძით და ოცდაათი სიგანით. ერთი ზომა ჰქონდა მათ ოთხივე კუთხეს.
23და მწკრივი ქვებისა ირგვლივ, მათ ოთხივეს ირგვლივ, და სახარშავი, გაკეთებული რიგების ქვეშ ირგვლივ.
24და მითხრა: „ესაა სახარშავი სახლი, სადაც მოხარშავენ მსახურნი ერისგან შეწირულ მსხვერპლს.“

Currently Selected:

ეზეკ. 46: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in