YouVersion Logo
Search Icon

ეზეკ. 47

47
სახლის ქვეშიდან მომდინარე წყალზე
1და დამაბრუნა სახლის შესასვლელში და ვნახე იქ წყალი, გამომდინარე სახლის ზღურბლის ქვეშიდან, აღმოსავლეთით, რადგან სახლი აღმოსავლეთით იყო მიქცეული და წყალი ჩამოდიოდა სახლის მარჯვენა მხარის ქვევიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
2და გამომიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭესთან, გზით, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული და მოედინებოდა იქ წყალი მარჯვენა მხრიდან.
3როდესაც გადიოდა ეს კაცი აღმოსავლეთით, მას ხელში ზონარი ეჭირა და გაზომა ათასი წყრთა და გამატარა მე წყალში – მუხლისთავამდე იყო წყალი.
4და გაზომა ათასი და გამატარა წყალში – მუხლებამდე იყო წყალი, და გაზომა კიდევ ათასი და კვლავ გამატარა – წყალი ამჯერად წელამდე იყო.
5და კიდევ გადაზომა ათასი – და იყო ხევი, რომლის გადალახვა არ შემეძლო, რადგან აიწია წყალმა. წყალი საცურაო იყო, ხევი კი ვერ გადაილახებოდა.
6და მითხრა მან: „ნახე, ძეო კაცისავ?“ და წამიყვანა მან და დამაბრუნა ხევის ნაპირზე.
7და როდესაც დავბრუნდი, ვნახე მდინარის სანაპიროზე ძალზე ბევრი ხე ორივე მხრიდან.
8და მითხრა მან: ‘ეს წყლები გადიან აღმოსავლეთის მხარეში, ჩავლენ ტრამალზე და შევლენ ზღვიდან ზღვაში, იქ რომ არიან, და განიკურნება წყალი.
9და ყოველი სულიერი არსება, რომელიც იძვრის ყველგან, სადაც მივლენ ეს ხევები, იცოცხლებს და იქნება ძალზე მრავალი თევზი, რადგან მივლენ იქ ეს წყლები, და განკურნავენ, და ცოცხალი იქნება ყველაფერი, სადაც მივა ეს ხევი.
10და დადგებიან მასზე მეთევზენი: ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე ბადეთა გასაშლელი იქნება. იმავე ჯიშის იქნება მათი თევზები, როგორც დიდი ზღვის თევზია, ძალზე მრავალი.
11მისი ჭაობები და მისი ტბები არ განიკურნება – მარილისთვის მიეცემა.
12და ხევზე, მისი სანაპიროს ორივე მხარეს, ამოვა ყველანაირი ხე საჭმელის მომცემი, მისი ფოთლები არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა. ყოველ თვეს დამწიფდება ახალი ხილი, რადგან მისი წყლები საწმიდრიდან გამოდიან. და იქნება მისი ნაყოფი საჭმელად და მისი ფოთლები წამლად.“
ქვეყნის საზღვრებზე
13და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ესაა საზღვარი, რომლითაც დაუნაწილებ ამ ქვეყანას ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი
14და დაინაწილებთ მას, თითოეული თანაბრად. როდესაც ავწიე ჩემი ხელი, დავიფიცე მიმეცა თქვენი მამებისათვის და თქვენ გხვდათ წილად ეს ქვეყანა სამკვიდრებლად.
15ეს არის ამ ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთის მხარეს დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადის მიმართულებით,
16ხამათი, ბეროთა, სიბრაიმი, რომლებიც დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის საზღვართანაა.
17იქნება საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე; დამასკოსა და ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე. და ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი.
18და აღმოსავლეთის საზღვარი – ხავრანს შორის და დამასკოს შორის და გილყადს შორის და ისრაელის ქვეყანას შორის, იორდანეზე, აღმოსავლეთის ზღვის საზღვრიდან გადაზომეთ. და ეს არის აღმოსავლეთის კიდე.
19და სამხრეთის საზღვარი – სამხრეთისაკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისაკენ. და ეს არის სამხრეთის საზღვარი, სამხრეთით.
20და დასავლეთის საზღვარი – დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის საზღვარი.
21გაინაწილეთ წილისყრით ეს ქვეყანა თქვენს შორის, ისრაელის ტომების მიხედვით.
22და როცა გაანაწილებთ წილისყრით მას სამკვიდრებლად თქვენთვის და თქვენს შორის მცხოვრებ მდგმურთათვის, რომელთაც თქვენს შორის შობეს შვილები. იქნებიან ისინი თქვენთან, როგორც მკვიდრნი ისრაელის ძეთა შორის. თქვენთან გაინაწილებენ წილისყრით სამკვიდრებლად ისრაელის ტომთა შორის.
23და იმ ტომში, რომელშიც მდგმური იცხოვრებს, იქ მისცემთ მას სამკვიდრებელს,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა.

Currently Selected:

ეზეკ. 47: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in