YouVersion Logo
Search Icon

დან. 3

3
ნაბუქოდონოსორის სიამაყე – ოქროს კერპი
1გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე.
2ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის სატფურებაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
3მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და ქვეყანათა განმგებელნი იმ კერპის სატფურებაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე.
4მაშინ მაწვევარმა რიხიანად დაიძახა: „ხალხნო, ტომებო და ენანო. თქვენ გებრძანებათ!
5როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
6ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული.
7ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა საკრავის ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.
სამი ებრაელი ყმაწვილი უარს აცხადებს
კერპის თაყვანისცემაზე
8ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება.
9უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
10მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, გუდასტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი.
11ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში.
12მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს კაცები არ დაემორჩილნენ შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე.
13მაშინ ნაბუქოდონოსორმა ბრძანა ბრაზითა და რისხვით შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები.
14მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე?
15ახლა კი მოემზადენით და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე, ხოლო თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?“
16შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: „ნაბუქოდონოსორ, ჩვენ არ გვჭირდება მაგ ამბავზე პასუხის გაცემა.
17თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!
18თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.“
გავარვარებულ ღუმელში უვნებლად ყოფნა
19მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო. შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდჯერ და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ ხოლმე.
20უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.
21მაშინ ეს კაცები, თავიანთ ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.
22რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა.
23ხოლო ეს სამნი: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ.
24მაშინ შეცბა მეფე ნაბუქოდონოსორი და მკვირცხლად წამოიჭრა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: „ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?“ მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: „ჭეშმარიტად, მეფეო!“
25მიუგო მან და თქვა: „აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის ძესა ჰგავს.“
ნაბუქოდონოსორი ადიდებს ისრაელის ღმერთს
26მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შესძახა და უთხრა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მსახურნო, აქ მოდით!“ მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გამოვიდნენ შუაგული ცეცხლიდან.
27შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟების ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც კი არ შეტრუსოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და ნატისუსალიც კი არ ასდიოდათ.
28მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: „კურთხეულია ღმერთი შადრაქისა, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი სხეულიც კი გადადეს, რათა თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.
29ამიტომ ვიძლევი ბრძანებას: ყოველი ხალხი, ტომი ან ენა, რომელიც შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა.“
30მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო.

Currently Selected:

დან. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy