დან. 2
2
ნაბუქოდონოსორის ჩვენება
1ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა.
2მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისათვის აეხსნათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარსდგნენ მეფის წინაშე.
3უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი დამესიზმრა და სული მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა.“
4ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: „მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს.“
5მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: „გამშორდა სიტყვა. თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა.
6თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა.“
7მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: „უბრძანოს მეფემ თავის მსახურთ თავისი სიზმარი და ჩვენც ვიტყვით ახსნას.“
8მიუგო მეფემ და თქვა: „ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ გამშორდა სიტყვა.
9თუ კი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.“
10მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე მოგვისგან, შემლოცველისაგან თუ ქალდეველისაგან.
11საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად საძნელოა, რომ ვერავინ შეუსრულებს მეფეს იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.“
12ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა. ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენი დაეხოცათ.
13ბრძანება გამოვიდა, რათა ბრძენკაცები გაეჟლიტათ. დანიელს და მის მეგობრებსაც მოსაკლავად დაეძებდნენ.
14მაშინ დანიელმა საზრიანი და ბრძნული პასუხი გასცა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონელი ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული.
15მიუგო და უთხრა არიოქს, მეფის მოხელეს: „რისთვის გამოვიდა მეფისგან ეგზომ მკაცრი ბრძანება?“ მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს.
16წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის.
17მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ამხანაგებს – ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას ამცნო ეს ამბავი,
18რომ ზეციერი ღმერთისაგან გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გამო, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ.
საიდუმლო გაემხილა დანიელს
19დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა დანიელმა ზეციერი ღმერთი.
20ამეტყველდა დანიელი და თქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა.
21იგი ცვლის დრო-ჟამს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ – ცოდნას.
22ააშკარავებს ღრმას და დაფარულს. იცის, რა იმალება ბნელში, და ნათელი მასშია დავანებული.
23ჩემი მამა-პაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ. შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; რადგან შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი.“
24ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, ვისთვისაც მეფეს ბაბილონელი ბრძენკაცების დასჯა ჰქონდა დავალებული, მიეახლა მას და ასე უთხრა: „ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს, მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი მეფეს სიზმარს.“
25მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და ასე უთხრა: „აჰა, ვნახე კაცი გადმოსახლებულ იუდაელთა შორის, რომელსაც შეუძლია აუხსნას მეფეს სიზმარი.“
26მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად ხმობილს: „შეგიძლია გამაგებინო სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა იგი?“
27მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და გრძნეულებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ.
28მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებში. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე:
29მეფეო, შენს სარეცელზე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ, და საიდუმლოთა განმცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება.
30ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ განმიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვარ ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი.
დავიწყებული სიზმარი
აღდგა მეფის მეხსიერებაში
31აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს. უზარმაზარი იყო ის კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე. საშინელი შესახედავი იყო.
32ამ კერპს თავი წმიდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები – ვერცხლისა, მუცელი და თეძოები – სპილენძისა,
33წვივები – რკინისა, ფეხები – ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხისა.
34შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე შემდგარს, და შემუსრა იგი.
35მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი კვალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპს რომ დაეჯახა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.
დანიელი სიზმარს განმარტავს
36ეს არის სიზმარი. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.
37მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა.
38ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენ ხარ ის ოქროს თავი.
39შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენსაზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება – სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.
40მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა, ყველაფერს რომ ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც შემმუსვრელ რკინასავით ყოველივე ამას დააქუცმაცებს და შემუსრავს.
41როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ – რკინისა, ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება: მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხასთან შერეული რკინა.
42როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ – მყიფე.
43როგორც შენ თიხაში შერეული რკინა დაინახე, ისე შეერევიან ერთმანეთს კაცთა მოდგმის ძალით, მაგრამ ვერ მიეწებებიან ერთმანეთს, როგორც რკინა არ შეერევა თიხას.
44იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება,
45რადგან შენ დაინახე, რომ ის ლოდი მთას ხელუკვრელად მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო, დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.“
დანიელის განდიდება
46მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა.
47მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა უფალია და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.“
48მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენთმთავრად დაადგინა.
49სთხოვა დანიელმა მეფეს და ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშექსა და ყაბედ-ნეგოს ჩააბარა. თვით დანიელი კი მეფის კარზე დარჩა.
Currently Selected:
დან. 2: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002