კოლ. 2
2
კოლოსელთა მტკიცე რწმენა
1მინდა, იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე.
2რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის,
3რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი.
4ამას იმიტომ გეუბნებით, რათა არავინ შეგაცდინოთ მაცდური სიტყვით.
5ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
6ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში,
7ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში.
სრულყოფილი ხართ მასში
8გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ სიბრძნისმოყვარებითა და ფუჭი ცდუნებით, კაცთამიერი გადმოცემისა და ამ სოფლის წესისამებრ და არა ქრისტესამებრ.
9ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.
10და თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
11თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით – ქრისტესეული წინადაცვეთით.
12მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით.
13თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგიტევათ ყველა შეცოდება.
14განჩინებებით წაშალა თანანადებთა ხელით წერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
15განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
ნურავინ განგსჯით სასმელ-საჭმელისათვის
16ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა თუ სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისათვის.
17ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი – ქრისტესი.
18ნურავინ შეგაცდენთ სიმდაბლით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნებს თავისი ხორციელი გონებით.
19არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღვთისმიერი ზრდით.
20თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით ამ სოფლის წესებს, სოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ?
21ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები
22ნურაფერს, რაც იხრწნება ხმარებისაგან, კაცთა მცნებებისა და მოძღვრების თანახმად?
23ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანებით, სიმდაბლით და სხეულის დათრგუნვით, მაგრამ ყოველივე ეს არ არის გამიზნული ხორცის განცხრომის წინააღმდეგ.
Currently Selected:
კოლ. 2: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002