ამოს. 7
7
გაფრთხილება ჩვენებების საშუალებით
1ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვების შემდეგ.
2როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: „უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.“
3გადაიფიქრა უფალმა, – არ მოხდებაო, – თქვა უფალმა.
4ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.
5მე ვთქვი: „უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.“
6გადაიფიქრა უფალმა: – არც ეს მოხდებაო, – თქვა უფალმა ღმერთმა.
7ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში.
8მითხრა უფალმა: „რას ხედავ, ამოს?“ ვუთხარი: „შვეულს“. თქვა უფალმა: „აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას.
9გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობყამის სახლის წინააღმდეგ.“
ამოსისათვის ბრალის დადება
10შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს;
11რადგან ასე ამბობს ამოსი: „მახვილით მოკვდება იერობყამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.“
12უთხრა ამაციამ ამოსს: „მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
13ბეთელში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.“
14მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: „მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინისწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომკრეფი.
15წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო.
16ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო.
17ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.“
Currently Selected:
ამოს. 7: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002