ამოს. 5
5
უფლის წუხილი ისრაელზე
1ისმინეთ ეს სიტყვა, თქვენზე რომ ვამბობ, როგორც საგოდებელს, ისრაელის სახლო!
2დაეცა, ვეღარ დგება ისრაელის ქალწული; მიწაზე გართხმულა, არავინაა მისი წამომყენებელი!
3რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: „ქალაქს, ათასის გამომყვანს, ასიღა შერჩა და ასის გამომყვანს ათიღა შერჩა ისრაელის სახლიდან.“
4რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: „მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით!
5ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ბეერ-შებაყში ნუ დაიარებით; რადგან დატყვევდება გილგალი და ბეთელი გაცამტვერდება.
6ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით, რომ ცეცხლივით არ წაეკიდოს იოსების სახლს შთასანთქმელად, რადგან არავინ იქნება ჩამქრობი ბეთელში.
7სამართალს აბზინდად რომ აქცევთ და სიმართლეს მიწად რომ თელავთ!“
8რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
9დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხე-სიმაგრეს.
10შეიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს.
11ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.
12რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.
13ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა.
14ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი დარჩეთ; ცაბაოთ უფალიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ.
15შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა, იოსების ნატამალი!
16რადგან ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: „ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება, და იტყვიან ყველა შუკაში: ‘ვაი, ვაი!’ მოუხმობენ მიწის მუშაკს საგოდებლად და საგლოვად – მოტირალებს.
17ყველა ვენახში გლოვა იქნება, როცა მე გავივლი შენს წიაღში,“ – ამბობს უფალი.
18ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი.
19როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს.
20განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში.
მსხვერპლშეწირვა
21„მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაული და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებზე!
22აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ.
23გამარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს.
24წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით.
25განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო?
26დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს და თქვენი ღმერთების ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს.
27ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ,“ – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
Currently Selected:
ამოს. 5: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002