YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 10

10
პასუხი განმაქიქებელთ
1თავად მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და კეთილგანწყობით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი, –
2და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ.
3ვინაიდან, თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.
4ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად.
5იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
6და მზად ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა თქვენი მორჩილება აღსრულდება.
7შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
8და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები.
9ამიტომ არ მოგეჩვენოთ, თითქოს გემუქრებოდეთ წერილებით.
10ამბობენ: წერილებში ის მძიმე და ძლიერიაო, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო.
11დაე, იცოდეს ასეთმა, რომ, როგორებიც სიტყვებით ვართ წერილებში არყოფნისას, ისეთივე ვართ საქმეში თქვენთან ყოფნისას.
12ვინაიდან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ, ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ თავს და თავიანთ თავს თავის თავთან ადარებენ.
13ხოლო ჩვენ უზომოდ არ დავიკვეხნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდე მოვაღწიოთ.
14ვინაიდან, ჩვენ ხომ მეტისმეტად არ ვიძაბებით, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე, იმიტომ, რომ თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით.
15უზომოდ არ ვიკვეხნით სხვისი შრომით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავადიდებთ თქვენში ჩვენს ხვედრს.
16რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიკვეხნიდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა ხვედრში.
17ვინც იკვეხნის, უფლით დაიკვეხოს.
18ვინაიდან, ის კი არ არის მოწონებული, ვინც თავს იქებს, არამედ – ვისაც უფალი აქებს.

Currently Selected:

2კორ. 10: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in