ლუკ. 20

20
შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე
1ერთ დღეს, როცა ის ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუცვივდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად
2და უთხრეს მას: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
3მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით:
4იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?“
5ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, იტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი?
6თუ ვიტყვით კაცთაგან, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“
7და მიუგეს: „არ ვიცით საიდან.“
8იესომ უთხრა მათ: „მეც არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“
იგავი ავ მიწისმუშაკებზე
9დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწისმუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით.
10როცა დრო მოვიდა, მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს.
11კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს.
12მერე მესამეც გაგზავნა. დაჭრეს იგი და გააგდეს გარეთ.
13მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: ‘როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.’
14მაგრამ მიწისმუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: ‘ეს მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება.’
15გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
16მოვა, ამოწყვეტს იმ მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს ჩააბარებს.“ ვინც მოისმინეს, თქვეს: „ნუმც მოხდება.“
17მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა’?
18ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“
19მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი სწორედ ამ დროს შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
20უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და მთავრობისათვის და განმგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ.
მიეცით კეისრისა კეისარს
21ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.
22შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?“
23იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
24„მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?“ თქვეს: კეისრისაო.
25უთხრა მათ: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს.“
26ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
სადუკეველების შეკითხვა ქორწინებაზე
27მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
28„მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
29იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ.
30და მეორემაც
31და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ.
32ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
33ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“
34და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან;
35ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან,
36ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.
37ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი.
38ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია.“
მწიგნობრებმა ვეღარ გაბედეს შეკითხვა
39მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: კარგად თქვიო, მოძღვარო.
40და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ:
41„როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
42თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
43ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.’
44აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“
45და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს:
46„ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე;
47რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“

المحددات الحالية:

ლუკ. 20: GEO02

تمييز النص

شارك

نسخ

None

هل تريد حفظ أبرز أعمالك على جميع أجهزتك؟ قم بالتسجيل أو تسجيل الدخول