ლუკ. 21
21
ქვრივის ორი ლეპტა
1აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს.
2დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
3თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,
4ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“
ტაძრის დანგრევაზე
5როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა:
6„დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს.“
7ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“
8მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ.
9როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული.“
10მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო – სამეფოს წინააღმდეგ.
11იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან.
12ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო.
13ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
14ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი,
15ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
16ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო.
18მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
19მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
20და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარსშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება.
21მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში.
22ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
23ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
24დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი.
25და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.
26ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან.
27მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
28ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“
29უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
30როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული.
31ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი.
32ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
33ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
გაფრთხილდით
34„გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,
35რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე.
36მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“
უკანასკნელი სწავლება ტაძარში
37დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამ-ღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება.
38მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.
المحددات الحالية:
ლუკ. 21: GEO02
تمييز النص
شارك
نسخ
هل تريد حفظ أبرز أعمالك على جميع أجهزتك؟ قم بالتسجيل أو تسجيل الدخول
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002