Genesis 42
42
1და გაიგო იაკობმა, რომ იპოვება პური ეგვიპტეში, და უთხრა თავის ვაჟებს: „რას უყურებთ ერთმანეთს? 2გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. ჩადით იქ და იყიდეთ პური, რათა შიმშილით არ დავიხოცოთ!“#საქ 7:12. 3და ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში. 4და ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს, იფიქრა: უბედურება არ შეემთხვესო. 5და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.
6იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა მარცვლეულს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები მასთან და მდაბლად დაუკრეს თავი. 7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა: „საიდან მოხვედით?“ და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.“ 8იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი. 9და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: „მსტოვრები ხართ თქვენ და ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით.“#დაბ 37:5-10. 10უთხრეს მათ: „არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი. 11ყველანი ერთი მამის შვილები ვართ, პატიოსანი ხალხი ვართ. მსტოვრები არ არიან შენი მსახურნი!“ 12უთხრა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით თქვენ!“ 13მათ უთხრეს: „12 ძმანი ვიყავით შენი მსახურნი, ერთი კაცის შვილები, ქანაანის ქვეყანაში. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი კი აღარა გვყავს.“ 14და თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი. 15უნდა გამოგცადოთ, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა. 16გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. დანარჩენები დატყვევებულები იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები. და თუ მართლები არა ხართ, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, მსტოვრები ყოფილხართ.“ 17და გაუშვა ისინი საპყრობილეში სამი დღით.
18და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე გააკეთეთ და ცოცხლები დარჩებით. ღვთის მოშიში ვარ მე. 19თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ საპყრობილეში, სადაც თქვენა ხართ, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში. 20აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი.“ და ასეც მოიქცნენ. 21უთხრეს ერთმანეთს: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.“ 22და მიუგო რეუბენმა და უთხრა მათ: „ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ გამიგონეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.“#დაბ 37:21,22. 23მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს მათი სიტყვები, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის. 24და მოცილდა მათ იოსები და ატირდა. მერე კვლავ მიუბრუნდა მათ და ელაპარაკა, სიმეონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა. 25და ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, მათი გადახდილი ფული მათ ტომრებში ჩაებრუნებინათ, და საგზალი მიეცათ. ასეც გააკეთეს.
26და აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ. 27და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის თევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი ტომარაში. 28და უთხრა მან თავის ძმებს: „უკან დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, აი, ჩემს ტომარაშია.“ და გულები შეუკრთათ და ერთმანეთს კანკალით უთხრეს: „ეს რას გვიშვრება ღმერთი?“
29და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველივე, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით: 30„მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია. 31ვუთხარით: ‘არა ვართ მსტოვრები, პატიოსანი ხალხი ვართ; 3212 ძმანი ვიყავით, ძენი მამაჩვენისა, ახლა ერთი გვაკლია, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’ 33გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური დამშეული თქვენიანებისთვის და წადით. 34მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ პატიოსნები ხართ და არა ხართ მსტოვრები. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.’“
35ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ. 36და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: „შვილები წამართვით – იოსები აღარ მყავს! სიმეონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი თავს დამატყდა!“ 37და უთხრა რეუბენმა მამას: „ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო ბენიამინი! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ!“ 38უთხრა მას მამამ: „არ წამოვა თქვენთან ჩემი შვილი, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი იმ გზაზე, რომელზეც დგახართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!“
Àwon tá yàn lọ́wọ́lọ́wọ́ báyìí:
Genesis 42: ქბსვ
Ìsàmì-sí
Pín
Daako

Ṣé o fẹ́ fi àwọn ohun pàtàkì pamọ́ sórí gbogbo àwọn ẹ̀rọ rẹ? Wọlé pẹ̀lú àkántì tuntun tàbí wọlé pẹ̀lú àkántì tí tẹ́lẹ̀
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა