YouVersion
Pictograma căutare

Genesis 15

15
1ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: „ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდი იქნება შენი საზღაური!“ 2და უთხრა აბრამმა: „უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე იმის სანაცვლოდ, რომ უშვილოდ გადავდივარ და ჩემი სახლი დამასკოელ ელიყეზერს რჩება?“#15:2 აქ ებრ. ტექსტის აზრი ბუნდოვანია. დამასკოელი ელიყეზერი სხვაგან არ არის მოხსენიებული. 3და კვლავ უთხრა აბრამმა: „შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემს სახლში შობილი მსახური ხდება ჩემი მემკვიდრე.“ 4და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.“ 5და გაიყვანა მან იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს მათი აღრიცხვა.“ და უთხრა: „ამდენი იქნება შენი მოდგმა.“#რომ 4:18; ებრ 11:12. 6და ერწმუნა იგი უფალს, და უფალმა სიმართლედ ჩაუთვალა ეს აბრაამს.#რომ 4:3; გლტ 3:6; იაკ 2:23.
7და უთხრა მან: „მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.“ 8ხოლო აბრამმა უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“ 9და უთხრა მას უფალმა: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, ერთი გვრიტი და ერთი მტრედის ხუნდი.“ 10და მიუყვანა მას ეს ყველაფერი, აბრამმა სიგრძეზე გაკვეთა და მიუწყო ისინი ერთმანეთს პირისპირ. მხოლოდ ფრინველები არ გაუკვეთია. 11და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა მოუგერია ისინი.
12მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს. და ძრწოლამ და წყვდიადმა მოიცვა იგი.#იობ 4:13,14. 13და უთხრა უფალმა აბრამს: „იცოდე, ხიზნად იქნება შენი მოდგმა სხვის ქვეყანაში. დაიმონებენ მათ და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი.#გამ 1:1-14; საქ 7:6. 14იმ ხალხს კი, ვისი მსახურნიც შეიქნებიან, მე განვსჯი. ამის შემდგომ კი დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.#გამ 12:40,41; საქ 7:7. 15და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და ტკბილ სიბერეს მიწევნილი დაიმარხები. 16მეოთხე თაობაში მობრუნდება შენი მოდგმა აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.“
17როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა გაკვეთილ ნაწილებს შორის. 18ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: #საქ 7:5. „შენს მოდგმას ვაძლევ ამ ქვეყანას ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე: 19ქვეყანას კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა, 20ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა, 21ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა.“

Selectat acum:

Genesis 15: სბს

Evidențiere

Partajează

Copiază

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te