John 7
7
1ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა და არ უნდოდა ევლო იუდაში, რადგან ებრაელები მოსაკლავად დაეძებდნენ. 2ახლოვდებოდა ებრაელთა დღესასწაული – კარვობა. #ლევ 23:34; რჯ 16:13. 3უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი და მიდი იუდაში, რათა შენმა მოწაფეებმა იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, 4რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს იქმ, გამოეცხადე ქვეყნიერებას.“ 5რადგან მის ძმებსაც არ სწამდათ მისი. 6ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მზად არის. 7ქვეყნიერებას არ შეუძლია თქვენი მოძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. 8თქვენ ადით დღესასწაულზე, მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“ 9ეს უთხრა მათ და დარჩა გალილეაში.
10და როდესაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა ცხადად, არამედ ფარულად. 11ებრაელნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ: „სად არის ის?“ 12ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო. 13მაგრამ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან ებრაელებისა ეშინოდათ.
14უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. 15უკვირდათ ებრაელებს და ამბობდნენ: „როგორ იცის წერილები უსწავლელად?“ 16მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელისა. 17ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღმერთისგან არის ის თუ ჩემით ვლაპარაკობ. 18ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს; ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში. 19განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“ 20მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში! ვინ გეძებს მოსაკლავად?“ 21მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. 22მოსემ მოგცათ წინადაცვეთა – თუმცა იგი მოსესგან კი არ არის, არამედ მამებისგან – და შაბათობით წინადასცვეთთ კაცს. #ლევ 12:3; დაბ 17:10. 23თუ კაცი წინადაცვეთას იღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ადამიანი განვკურნე შაბათს? #იო 5:9. 24ნუ განსჯით გარეგნობით, არამედ მართალი სამართლით განსაჯეთ.“
25თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „განა ეს ის არაა, რომელსაც მოსაკლავად ეძებენ? 26აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა? 27მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.“ 28ხმა აიმაღლა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მიცნობთ მე და იცით, საიდან ვარ. მაგრამ მე თვითონ კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. 29მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა მე.“ 30ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ იყო დამდგარი. 31ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როდესაც ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“
32გაიგეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა და მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად. 33თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან. 34ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.“ 35უთხრეს ერთმანეთს ებრაელებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძენთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლებას? 36ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ‘ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით და სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ?’“
37დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; #ლევ 23:36. 38ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ #ეზკ 47:1; ზაქ 14:8. 39ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ. ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ არ იყო განდიდებული.
40ხალხიდან ბევრმა თქვა ამ სიტყვების გაგონებაზე: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.“ 41სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა.“ სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე? 42განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე არის დავითის ნაშიერი და მოდის ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“#2მფ 7:12; მიქ 5:2. 43და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო. 44ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ მიჰყო.
45დაბრუნდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან. მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“ 46მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“ 47მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ? 48განა მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? 49მაგრამ ეს რჯულის უმეცარი ხალხი დაწყევლილია.“ 50ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო: #იო 3:1,2. 51„განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა მან?“ 52მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდანა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“
53და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდნენ.
अहिले सेलेक्ट गरिएको:
John 7: სბს
हाइलाइट
शेयर गर्नुहोस्
कपी गर्नुहोस्
तपाईंका हाइलाइटहरू तपाईंका सबै यन्त्रहरूमा सुरक्षित गर्न चाहनुहुन्छ? साइन अप वा साइन इन गर्नुहोस्
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013