ლუკ. 22

22
იუდას გეგმა გაცემაზე
1ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული.
2და დაეძებდნენ მას მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
3შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.
4წავიდა, ელაპარაკა მღვედლმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.
5მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ, მიეცათ მისთვის ვერცხლი.
6მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის.
ბოლო სერობა. პური და ღვინო
7დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი.
8მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ.“
9მათ უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“
10მან უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა,
11და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამოო პასექი?
12ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ.“
13წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.
14როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად.
15უთხრა მათ: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
16რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში.“
17აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
18რადგან გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი.“
19აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“
20ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.
21და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე;
22რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.“
23და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.
ვინ არის დიდი
24ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.
25მან კი უთხრა მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.
26თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს – მსახურივით.
27ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური,
28თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
29მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი,
30რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.“
წინასწარუწყება პეტრეს უარყოფაზე
31თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.
32მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.“
33მან კი უთხრა მას: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც,“
34ხოლო მან თქვა: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.“
ორი მახვილი
35უთხრა მათ: „როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?“ თქვეს: არაფერიო.
36უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს.
37თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა აღსრულდეს: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა.’ რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს.“
38მათ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია.“ მან კი უთხრა მათ: „კმარა.“
ბრძოლა გეთსიმანიაში
39გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.
40ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“
41თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
42ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“
43ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა.
44ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა.
45ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები.
46უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“
იესოს გაცემა
და წაყვანა მღვდელმთავრის სახლში
47ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად.
48იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“
49მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“
50ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.
51მიუგო იესომ და თქვა: „თავი დაანებეთ, საკმარისია!“ და შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.
52უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად?
53ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება.“
54და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.
იესო სინედრიონის წინაშე
55როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.
56ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო.“
57მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო, არ ვიცნობ იმას.“
58ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“
59თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია.“
60თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა.
61და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,
62და გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
63ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას.
64თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“?
65და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ.
66როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში
67და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი.“ უთხრა მათ: „რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ,
68და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ.
69ამიერიდან ძე კაცისა იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.“
70თქვა ყველამ: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?“ მან უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.“
71მათ თქვეს: „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან.“

Šiuo metu pasirinkta:

ლუკ. 22: GEO02

Paryškinti

Dalintis

Kopijuoti

None

Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės