Luke 21
21
1აიხედა და დაინახა, რომ მდიდრები საგანძურში ყრიდნენ თავიანთ შესაწირავს. 2და დაინახა ერთი ღარიბი ქვრივი ქალიც, რომელმაც სპილენძის ორი მონეტა ჩააგდო. 3და თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო, 4რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“
5ხოლო როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულობებით არისო დამშვენებული, თქვა: 6„დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს.“
7ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს? და რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?“ 8მან თქვა: „ფრთხილად იყავით, არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ‘მე ვარ!’ და რომ მოახლოებულია ჟამი. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ. 9როდესაც მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ჯერ ეს უნდა მოხდეს, ოღონდ მყისვე არ იქნება აღსასრული.“ 10მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო – სამეფოს წინააღმდეგ. 11იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებანი და დიდი ნიშნები ციდან. 12ყოველივე ამის წინ ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. 13ეს იქნება თქვენი მოწმობისათვის. 14ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი, #ლკ 12:11,12. 15რადგან მე მოგცემთ თქვენ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი. 16გაცემულ იქნებით თვით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. 18მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. 19მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სიცოცხლე.
20და როდესაც იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი გაუდაბურება. 21მაშინ იუდაში მყოფები მთებში გაიქცნენ, ხოლო იერუსალიმში მყოფები გარეთ გავიდნენ; სოფელში მყოფები ნუღარ დაბრუნდებიან იერუსალიმში. 22რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. #ოს 9:7. 23ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში, რადგან დიდი იქნება უბედურება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. 24დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ერში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე არ დასრულდება წარმართთა ჟამი.
25და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო დედამიწაზე ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. #ესა 13:10; ეზკ 32:7; იოლ 3:4; გცხ 6:12,13. 26ადამიანებს გონება დაეკარგება შიშით და მსოფლიოზე მოსახდენის მოლოდინში, რადგან ციური ძალები შეირყევიან. 27მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. #დან 7:13; გცხ 1:7. 28ხოლო როდესაც ამის ახდენა დაიწყება, აღიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“
29უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს. 30როგორც კი შეიფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული. 31ასევე თქვენც, როდესაც იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღმერთის სასუფეველი. 32ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი ეს არ ახდება. 33ცა და მიწა გარდავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ.
34გაფრთხილდით, რომ არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და ყოველდღიური ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, 35რადგან მახესავით ეწევა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. 36ყოველ ჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეძლოთ ყველა მოწევნადისგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“ 37დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება. #ლკ 19:47. 38და მთელი ხალხი დილიდანვე მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.
Nke Ahọpụtara Ugbu A:
Luke 21: სბს
Mee ka ọ bụrụ isi
Kesaa
Mapịa
Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013