Akara Njirimara YouVersion
Akara Eji Eme Ọchịchọ

Luke 18

18
1უთხრა მათ იგავი მუდმივ ლოცვაზე და უდრეკობაზე. 2თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღმერთისა არ ეშინოდა და ხალხისა არა რცხვენოდა. 3იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მომჩივანისგან.’ 4ის კი დიდხანს უარზე იყო. მერე თქვა თავისთვის: ‘თუმცა ღმერთისა არ მეშინია და ხალხისა არა მრცხვენია, 5მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ თავისი სიარულით აღარ შემაწუხოს.’“ 6თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? 7განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ? და არ იქნება სულგრძელი მათდამი? 8გეუბნებით თქვენ: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს კი დედამიწაზე რწმენას?“
9ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი აბუჩად იგდებდნენ, უთხრა ეს იგავი: 10„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. 11ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორიც ეს მებაჟეა. 12კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’ 13ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აეხედა; მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’ 14გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“ #მთ 23:12; ლკ 14:11.
15მოუყვანეს მას ბავშვები, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, უშლიდნენ მათ. 16იესომ დაუძახა მათ და უთხრა: „მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთებისაა ღმერთის სასუფეველი. 17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში.“
18ჰკითხა ერთმა მთავარმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ 19უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა. 20იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“#გამ 20:12-16; რჯ 5:16-20. 21მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“ 22ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და ღარიბებს დაურიგე, და გექნება საუნჯე ზეცაში. შემდეგ მოდი და გამომყევი.“ 23ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. 24შეხედა მას იესომ და თქვა: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის შესვლა ღმერთის სასუფეველში! 25რადგან უფრო ადვილია აქლემის გაძვრომა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღმერთის სასუფეველში.“ 26ვინც ეს მოისმინა, თქვა: „აბა, ვის შეუძლია გადარჩენა?“ 27მან თქვა: „კაცთათვის შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია.“ 28თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ 29უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ღმერთის სასუფევლისათვის დატოვებს სახლს, ან ცოლს, ან მშობლებს, ან ძმებს, ან შვილებს 30და ახლავე არ მიიღებს მრავალგზის მეტს, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლეს.“
31გაიყოლა თავისი 12 მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმში და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძეზე, 32რადგან გადაეცემა წარმართებს, და შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, აფურთხებენ, 33გაამათრახებენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.“ 34მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათგან, და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.
35ისე მოხდა, რომ იერიქოსთან მიახლოებისას, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა. 36ხალხის ჩავლის ხმა რომ გაიგონა, იკითხა: რა ამბავიაო. 37უთხრეს: „იესო ნაზარეველი მოდის.“ 38და იყვირა მან: „იესო, ძეო დავითისა, შემიწყალე მე!“ 39წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „ძეო დავითისა, შემიწყალე მე!“ 40იესო შეჩერდა და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როდესაც მიუახლოვდა, ჰკითხა: 41„რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს.“ 42იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ 43და მყისვე აეხილა. გაედევნა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.

Nke Ahọpụtara Ugbu A:

Luke 18: სბს

Mee ka ọ bụrụ isi

Kesaa

Mapịa

None

Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye