YouVersion Logo
Search Icon

Zephaniah 1

1
1უფლის სიტყვა, რომელიც იყო სოფონიას მიმართ, ქუშის ძისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი – იუდეის მეფის – იოშია ამონის ძის დროს.#4მფ 22:1—23:30; 2ნშ 34:1—35:27. 2ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, – ამბობს უფალი. 3ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცდუნებებს უკეთურებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, – ამბობს უფალი. 4ხელს მოვუღერებ იუდეას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, 5მათ, ვინც ერდოებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და მასთან ერთად თავიანთ მილქომსაც იფიცავენ; 6მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ. 7დადუმდი უფალი ღმერთის წინაშე! რადგან ახლოსაა უფლის დღე. რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები. 8დადგება საუფლო მსხვერპლის დღე: მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსლით მოსილს. 9მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამავსებელს. 10გაისმება იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი – მთა-გორებიდან. 11ივალალეთ, მორტარის ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი. 12სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო. 13განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები. ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვაზს და მათ ღვინოს ვერ შესვამენ. 14ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ თვით ყველაზე მაგარი ვაჟკაციც კი. 15რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ნისლის დღე, 16ბუკისა და ყიჟინის დღე, ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ. 17ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს. მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი. 18ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელ ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.

Currently Selected:

Zephaniah 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in