YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 8

8
1და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა: 2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული სიონის მიმართ. 3ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ იერუსალიმში და დაერქმევა იერუსალიმს ჭეშმარიტების ქალაქი, და ცაბაოთ უფლის მთას – წმიდა მთა. 4ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველა ჯოხზე იქნება დაყრდნობილი დღეთა სიმრავლის გამო. 5და ქალაქის ქუჩები სავსე იქნება გოგო-ბიჭებით, რომლებიც იქ ითამაშებენ. 6ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელი იქნება დარჩენილი ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელი იქნება? – ამბობს ცაბაოთ უფალი. 7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე დავიხსნი ჩემს ერს მზის აღმოსავალის ქვეყნიდან და მზის დასავალის ქვეყნიდან, 8და მოვიყვან მათ, რათა იცხოვრონ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნება ის და მე ვიქნები მათი ღმერთი ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.
9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად ნუ მოგეღლებათ მარჯვენა, ვინც ისმენთ ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის ტაძრის დაფუძნების ჟამს. 10რადგან ამ დღეთა უწინ არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით; და ერთიმეორეზე მყავდა მისეული ადამიანები. 11ახლა ამ ერის ნატამალისთვის ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში ვიყავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, 12რადგან თესვა მშვიდობიანი იქნება; ვაზი ყურძენს დაისხამს, მიწა გამოიღებს ნაყოფს, და ცა მოსცემს ცვარ-ნამს. და ყოველივე ამას დავუმკვიდრებ ამ ხალხის ნატამალს. 13და როგორც მაშინ საწყევრად ჰყავდით ყბადაღებული წარმართებს, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ისე გიხსნით ახლა და კურთხევად იქნებით; ნუ გეშინიათ; ნუ მოგეღლებათ მარჯვენა!
14ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც თქვენი დასჯა განვიზრახე მაშინ, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და არ გადავთქვი, 15ასე განვიზრახავ ახლა სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ! 16აი, რა უნდა აკეთოთ თქვენ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს; ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი დაამყარეთ თქვენს კარიბჭეებთან;#ეფს 4:25. 17ბოროტებას ნუ ჩაიდებთ გულში თქვენი მოყვასისადმი და, ცრუფიცი ნუ გეყვარებათ, რადგან მძულს ეს ყველაფერი, – ამბობს უფალი.
18და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი: 19ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და სადღესასწაულო დღეებად. ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა შეიყვარეთ.
20ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ მრავალი ხალხები და მრავალ ქალაქთა მცხოვრებნი. 21ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ და იტყვიან: „წამოდი, წავიდეთ შესავედრებლად უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლად. მაშინ მეც უეჭველად წავალ.“ 22და მოვლენ მრავალი ხალხები, წარმართნი ბრბოებად, ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და უფლის წინაშე შესავედრებელად. 23ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი წარმართთა ყოველი ენისა იუდაელი კაცის კალთებს და ეტყვის: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენთან არის ღმერთი.“

Currently Selected:

Zechariah 8: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in