YouVersion Logo
Search Icon

Nahum 3

3
1ვაი, მოსისხლე ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას. 2შოლტის ტყლაშუნი და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი. 3მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა; უამრავ დახოცილ გვამთა გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორთხილებენ მათ გვამებზე. 4მეძავი დიაცის უზომო სიძვის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავისი სიძვით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით – ტომებს. 5აჰა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მე შენ ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს – შენი უტიფრობა. 6მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. 7ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცვულიაო ნინევე, ვის დაენანებაო იგი? ვინ მოგიძებნო ნუგეშისმცემელი? 8რითი ჯობიხარ თებეს, #3:8 ებრ. ნო-ამონს მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა ირგვლივ? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი? 9ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლიბიელნი გიჭერდნენ მხარს. 10ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს იყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილებს ადებდნენ. 11დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფარს დაუსწყებ ძებნას. 12შენი ციხე-კოშკები მწიფე პირველნაყოფიანი ლეღვის ხეა – თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს. 13აჰა, შენი ერი ქალებივით არიან შენს წიაღში! ფართოდ გაეღებათ შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს საკეტურებს. 14მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა. 15იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით. 16მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია; კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება. 17შენი მოხელეები ბოცომკალს ჰგვანან; შენი იასაულები ჭრიჭინების გუნდია, ცივ ამინდში ღობის ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს. 18ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, მეფეო აშურისავ; ისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა მათი შემკრები. 19არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?

Currently Selected:

Nahum 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in