YouVersion Logo
Search Icon

Micah 1

1
1უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელი მიქას მიმართ იუდეის მეფეების: იოთამის, ახაზის და ხეზეკიას დროს, და რომელიც გამოეცხადა სამარიისა და იერუსალიმის გამო.#4მფ 15:32-38; 2ნშ 27:1-7; 4მფ 16:1-20; 2ნშ 28:1-27; 4მფ 18:1—20:21; 2ნშ 29:1—32:33. 2ისმინეთ, ყველა ხალხებო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან. 3რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და შედგება დედამიწის სიმაღლეებზე. 4მთები იძვრიან მის ფერხთა ქვეშ და ღელენი დნებიან მის ქვეშ, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან გადმოვარდნილი წყალი. 5იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდეის გორაკი? იერუსალიმი ხომ არა? 6ველზე დაყრილ ნანგრევებად ვაქცევ სამარიას, ვაზის გასაშენებელ ადგილად; ველზე გადავყრი მის ქვებს და გამოვაჩენ მის საძირკველს. 7ყველა მისი კერპი დაიმსხვრევა, ყოველი მისი სიძვით მოგებული ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან სიძვის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ, ამიტომაც სიძვის გასამრჯელოდ იქცევიან. 8ამაზე ვიგლოვებ და ვიტირებ, ფეხშიშველი და დედიშობილა ვივლი; ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ. 9რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან მიადგა იუდეას; და ჩემი ერის კარიბჭეს – იერუსალიმსაც – უწია. 10ნუ გამოაცხადებთ ამას გათში, მოთქმას ნუ გამართავთ! მიწა-მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში. 11ჩაიარე შენთვის შაფირელო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი, ბეთ-ეცელში გლოვა არ დაგაყენებთ. 12რადგან წუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე. 13შეაბი ეტლში ბედაურები, ლაქიშელო, შენ – სიონის ასულის ცოდვის დასაბამო, რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის უღმრთოებანი! 14ამიტომ შენ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს. აქზიბის სახლები მაცდუნებლად ექცევიან ისრაელის მეფეებს. 15ახალ პატრონს მოგაყენებ, მარეშელო დიაცო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება. 16თმა გადაიკრიჭე, გადაიპარსე სანუკვარი შვილების გამო, სვავივით მოიტვლიპე, რადგან გადაასახლებენ მათ შენგან.

Currently Selected:

Micah 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in